LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად შეძლებდა ნაპირზე გაცურვას“ – ბათუმში, ე.წ ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

327
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

ბათუმში, 4 ივლისს, ე.წ. ბანანზე მომხდარი ინციდენტის საქმეზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზურა საღინაძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბრალდებულს არავითარი მოტივი და საფუძველი არ ჰქონია, უცნობი ახალგაზრდების განზრახ მკვლელობა განეზრახა.

განცხადებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ ბრალდებული არალოგიკურად მკაცრი ბრალდებით ჰყავთ დაკავებული.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებდა ნაპირზე გაცურვას, მისი მხედველობის არეში ყოფნის დროს კი, რაიმე საფრთხე, ან საშიშროება დაფიქსირებული არ ყოფილა.

„4 ივლისს, ბათუმში ახალგაზრდა დაიკარგა, რომელიც შავ ზღვაში, გარდაცვლილი 7 ივლისს იპოვეს. პირველ რიგში, დაზარალებული ოჯახის მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ. თითოეული ჩვენგანი, ისევე, როგორც ნებისმიერი, საღად მოაზროვნე ადამიანი, ვიზიარებთ და ვუთანაგრძნობთ დაზარალებულ ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას. ბრალდებული მზად არის, კანონის ფარგლებში და კანონის შესაბამისად მის ნებისმიერ გადაცდომაზე პასუხისმგებლობა იკისროს.

ამ ტრაგედიამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, გავრცელდა არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებების, ცალმხრივი ინფორმაციის და რადიკალური შეფასებების საპასუხოდ კი, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ, რათა ობიექტური დასკვნები იყოს გაკეთებული.

6 ივლისს, პროკურატურამ კატერის მძღოლი დააკავა, რომელსაც ბრალდება 4 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში (სსკ 19.109.ე.ლ) წაუყენა, ხოლო 2 დამხმარეს, დანაშაულის შეუტყობინებლობაში. გამოძიების მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის უმკაცრესი კვალიფიკაცია ეყრდნობა მხოლოდ შემდეგ ფაქტორებს, როგორიცაა ე.წ ბანანის ამოტრიალების მანევრს, მაფრთხილებელი ნიშნიდან – ტივტივიდან მოშორებით ყოფნას და უსაფრთხოების ჟილეტებთან წვდომის შეზღუდვას.

ვისაც შეხება აქვს ზღვასთან და ზღვის ატრაქციონებთან, იცის, რომ „ბანანის“ წყალში ამოტრიალება თითქმის, ყველა შემთხვევაში ხდება და არის სერვისის ნაწილი. კატერს უფლება არ აქვს, მაფრთხილებელი ტივტივებს შიგნით შემოვიდეს, ანუ ნაპირს 50 მეტრზე ახლო მანძილზე მოუახლოვდეს, „ბანანის“ ამოტრიალება ხდება 50 მეტრზე უფრო შორს ნაპირიდან. ამიტომ, 50 მეტრზე უფრო შორს, ტივტივიდან რამდენიმე ათეულ მეტრში „ბანანის“ ამოტრიალება არ არის არაორდინალური.

ვითვალისწინებთ, რომ ატრაქციონზე უსაფრთხოების წესების შესაბამისად მგზავრებს უნდა ეცვათ უსაფრთხოების ჟილეტები, მაგრამ ცნობილია, რომ ამ ნორმის დარღვევა ხშირად ხდება. უსაფრთხოების ჟილეტები დამაგრებულია „ბანანზე“ და მგზავრს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებითაც ჩაიცვას საჭიროების შემთხვევაში.

ზღვაზე მობანავე ახალგაზრდა, რომელიც ვიზუალურად ცურავს და იმყოფება ნაპირიდან დაახლოებით, 50 მეტრის მოშორებით, ნებისმიერი გონიერი ადამიანის აღქმით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცურვა იცის და წყნარ ამინდში ზღვაში 80-100 მეტრი მანძილის გაცურვას ადვილად შეძლებს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. კატერის მძღოლი დაყოვნდა „ბანანის“ ამობრუნების შემდეგ, დარწმუნდა, რომ ყველა ახალგაზრდა ცურავდა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ადგილი. თავად ბრალდებული არის უკიდურესად გაკვირვებული, თუ რა მოხდა ამ სიტუაციაში და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ის მზად არის აგოს პასუხი კანონის შესაბამისად, თუკი დადგინდება, რომ ტრაგედია ნამდვილად ამ სიტუაციაში მოხდა.

ბრალდებულს არავითარი მოტივი და საფუძველი არ ჰქონია, უცნობი ახალგაზრდების განზრახ მკვლელობა განეზრახა. დაზარალებულებიც ადასტურებენ, რომ კატერის მძღოლთან რაიმე კონფლიქტი არ ჰქონიათ. ასეთი უგულო ქცევა კი, როგორც წარმოჩენილია ბრალდებაში, აბსოლუტურად შეუსაბამოა ბრალდებულის პიროვნებასთან. მას წარსულში საკუთარი სიცოცხლით გაურისკავს და ზღვაში გადაურჩენია ადამიანები და ოდნავი ეჭვიც რომ ჰქონოდა, წყალში მყოფთაგანი რომელიმეს საფრთხის ქვეშ ყოფნის შესახებ, ის აუცილებლად დაეხმარებოდა მას.

ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ატრაქციონზე მყოფი ყველა პირი დაუბრკოლებლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებდა ნაპირზე გაცურვას, მისი მხედველობის არეში ყოფნის დროს რაიმე საფრთხე, ან საშიშროება დაფიქსირებული არ ყოფილა. სამმა ახალგაზრდამ დახმარების გარეშე შეძლო ნაპირზე გასვლა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებულმა ვერ გაითვალისწინა, შეძლებდა თუ არა ნაპირზე გაცურვას წყალში მყოფებიდან ერთ-ერთი და სწორად ვერ განსაზღვრა შეძლებდა თუ არა ერთ-ერთი ახალგაზრდა ნაპირზე გასვლას, ეს მოცემულობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ან განზრახ მკვლელობა, ან რაიმე განზრახი დანაშაული. ბრალდება იურიდიული თვალსაზრისით არალოგიკური და აბსურდულია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები შესაძლოა შეიცავდეს გაუფრთხილებელი დანაშაულის ნიშნებს, რაც სსკ 116-ე მუხლით არის გათვალისწინებული (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).

ნაცვლად ობიექტური გამოძიებისა, ბრალდების მხარე საზოგადოებას სთავაზობს რადიკალურ სუბიექტურ შეფასებებს და ერთ ტრაგედიას კიდევ სხვა ტრაგედიებს უმატებს. ბრალდებული არალოგიკურად მკაცრი ბრალდებით ჰყავთ დაკავებული და სრულიად უდანაშაულო 2 ახალგაზრდა თითქოს, მათ დანაშაული დაფარეს. დაკარგულის ძებნა მხოლოდ მე-2 დღეს, ოჯახის წევრების განცხადების შემდეგ დაიწყო პოლიციამ.

დღეს არსებული გამოძიების შედეგები არ არის ამომწურავი და ვერ იძლევა პასუხს არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზე.დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ და კანონიერ საშუალებას ვიყენებთ და მომავალშიც გამოვიყენებთ, რათა პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს, უტყუარად დადგინდეს სიმართლე.

აქვე გვინდა მოვუწოდოთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით, თუნდაც, რაიმე უმნიშვნელო ინფორმაციას ფლობს, ან 4 ივლისს, საღამოს, 18:00-19:00 საათის პერიოდში ბათუმის „პირსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში ფოტო, ვიდეო მასალა აქვს გადაღებული, მოგვაწოდოს. ჩვენ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობას დავიცავთ და მხოლოდ იმ მონაცემს გამოვიყენებთ, რომელიც საქმესთან კავშირშია“, – ნათქვამია არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე – წყლის ატრაქციონ – ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა წყლის ატრაქციონ ე.წ „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი, უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ.

სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. ცხედარი 7 ივლისს იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები