„დარწმუნებული ვარ, ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონში ბავშვები საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან და სასწრაფოდ შველა სჭირდებათ,“ – ამ განცხადებას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე, დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ფაქტობრივად სახელმწიფოს კონსტიტუციას თავზე ახევს და ეს დაუშვებელია.
„რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს დღემდე არ უშვებს. ფაქტობრივად, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს კონსტიტუციას თავზე ახევს, ეს დაუშვებელია,“ – აცხადებს დეკანოზი.
მისი განცხადებით, სახელმწიფომ ამის ნება არავის არ უნდა მისცეს, მითუმეტეს, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება.
„ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?! მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?!
თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და ბავშვების მდგომარეობა სასიკეთოდ შევცვალო,“ — წერს დეკანოზი.
მისივე თქმით, რადგან ეპისკოპოსი სპირიდონი ამ ყველაფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, სწორედ ამიტომ დეკანოზი პანსიონში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ დარწმუნებულია.
„1 ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწრაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონატში,“ —აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ცნობისთვის, დეკანოზი თამაზ ლომიძე, გერმანიაში, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარია.