დარიალის ხეობაში საავტომობილო გზა გაიხსნა. საავტომობილო გზაზე მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის დაშვებულია სპეციალური რეჟიმით. ავტომობილთა გადაადგილებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. კერძოდ, დილის 05:30 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი წესების დაცვით:
– აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
– ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;
– ინტენსიური ნალექის შემთხვევაში, აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა (გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე);
– საღამოს 20:00 სთ-დან დილის 05:30 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობააკრძალულია.
მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.