ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, რომელზეც მერის გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს. “ენმ”-ის მოთხოვნა იყო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკრებულოს თავმჯდომარეს აეღო, რადგან ოპოზიციის მტკიცებით, საკრებულოს თავმჯდომარე ყველა კორუფციული გარიგების მონაწილეა.
ამ განცხადებას უმრავლესობაში უსაფუძვლო უწოდეს და აღნიშნეს, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო ქრთამის აღების ფაქტზე. “ქრონიკის” ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.