LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელსონის ჩართულობით მოლაპარაკებები 29 მარტიდან განახლდება

91
კრისტიან დანიელსონი

მოლაპარაკებების პროცესი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით, 29 მარტიდან კვლავ განახლდება.

შარლ მიშელის მიერ მედიატორად დანიშნულ კრისტიან დანიელსონს, საქართველოში მორიგი ვიზიტით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ელოდებიან.

როგორც “ფორტუნას” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, დღეს დაზუსტდება, როდის ეწვევა საქართველოს დიპლომატი – 27 თუ 28 მარტს.

29 მარტს კი მხარეები დიალოგის პროცესს კვლავ განაახლებენ.

დანიელსონის საქართველოში კვლავ დაბრუნების შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა 22 მარტს სოციალურ ქსელებში “ფეისბუქსა” და “ტვიტერშიც” დაწერა.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, კომპრომისებზე წასვლის დროა საქართველოს მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით:

“კრისტიან დანიელსონი ამ კვირაში საქართველოში დაბრუნდება, რათა გააგრძელოს მედიაცია ყველა მხარის ჩართულობით.” – წერს მიშელი.

 

დანიელსონი საქართველოს პირველი ვიზიტით 12 მარტს ეწვია. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ის მედიაციით გათვალისწინებულ ფორმატში ერთობლივად შეხვდა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს, თუმცა შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. დიპლომატმა საქართველო 19 მარტს დატოვა.