დღეიდან დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ მედია წერს. დანია პირველი ქვეყანაა ევროკავშირის წევრებს შორის, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ამიერიდან, დანიაში „კოვიდ-19“ საზოგადოებისთვის კრიტიკულად საფრთხის შემცველ დაავადებად არ ითვლება.
დღეიდან მასობრივი ღონისძიებების დამსწრეებს ვაქცინაციის საბუთს აღარ მოსთხოვენ. მანამდე, გაუქმდა პირბადის ტარების ვალდებულებაც.
სექტემბრის დასაწყისში დანიაში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად გაიხსნა ღამის კლუბები. თუმცა, კლუბში მისასვლელად საჭირო იყო კოვიდპასპორტის წარდგენა. ამიერიდან კი ღამის კლუბების კარი ყველასთვის ღია იქნება.
გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ, იზოლაციას აღარ მოსთხოვენ. კარანტინში გადასვლა მხოლოდ ინფიცირებულებს მოუწევთ.
კოვიდშეზღუდვების გაუქმება დანიის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 12 წელს ზემოთ მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ამასთან, დანიაში სამოგზაუროდ წასვლის მსურველებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დანიაში „კოვიდ-19“-ის 340 000 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 2 500 ადამიანი.