LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანაგვიანებული შავი ზღვა და საფრთხე საკურორტო სეზონზე  – რომელი ადგილია ყველაზე  სუფთა და ყველაზე დაბინძურებული 

შპრიცები, აბები, ნაყინისა და კანფეტის შესაფუთი ქაღალდი, პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და ბოთლის თავსახურები,  – ეს იმ  ნარჩენების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც, როგორც შავი ზღვის სანაპიროები და საკურორტო ზონები, ასევე უშუალოდ ზღვაც სიღრმემდე  დაბინძურებულია.

შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და წყლის მონიტორინგი ბოლოს აპრილში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორთა ერთმა ნაწილმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, შავი ზღვა დაბინძურებულია, ეს კი საფრთხეს უქმნის როგორც დამსვენებლებს, ასევე ზღვის ცოცხალ ორგანიზმებს. მეტიც, მომაკვდინებელია თევზებისა და წყლის ძუძუმწოვრებისთვის.  

„შავ ზღვაში ბანაობა უსიამოვნო ნამდვილად არის. ადამიანები ზედაპირულად მოტივტივე ნარჩენებს თავს არიდებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მათთვის მეორადი დაბინძურების საშუალება მაინცაა. თევზები და წყალქვეშა ძუძუმწოვრები კი მასში იხლართებიან. უფრო მოზრდილი ძუძუმწოვრები, მაგალითად დელფინები, ყლაპავენ ამ ნარჩენებს, შემდეგ ვეღარ ინელებენ და არიან განწირულები. ნაგავი ზღვაში სანაპიროდან კილომეტრნახევრის დაშორებითაც დავაფიქსირეთ, ანუ იმ ნაწილის პერიმეტრში, სადაც მოქალაქეები ბანაობენ. უფრო შორ მანძილს ჩვენი კვლევა არ ეხებოდა,“  – განუცხადა „ფორტუნას“ გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერთანამშრომელმა, ნინო მაჩიტიძემ და განმარტა, რომ მყარი ნარჩენები ზღვაში ძირითადად მდინარეებიდან  შედის, შტორმის დროს კი ნაპირზე ირიყება.

ადამიანის ყოფა-ცხოვრების კვალი ფიქსირდება შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შავ ზღვას, მდებარეობის გამო, რეგენერაციის უნარი ნაკლებად აქვს იმიტომ, რომ ის ოკეანესგან საკმაოდ დაშორებულია.  შავი ზღვა გარშემორტყმულია 6 ქვეყნით, თუმცა მასში გაცილებით მეტი ქვეყნიდან ჩაედინება საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარეები.

კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ საქართველოს ზოლში ყველაზე მეტად დაბინძურებული ნატანებსა და სუფსას შორის არსებული ტერიტორია, ყველაზე სუფთა კი  სარფია.

თუმცა, ურეკის სანაპირო ზოლის დაბინძურების და  ზღვის წყალში კანალიზაციისა და ნავთობის არსებობას უარყოფენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ზღვის წყლის დაბინძურებას ეხება დ არა უშუალოდ სანაპიროს დაბინძურებას.

“ზღვის ღელვისას ნაპირზე გამორიყული პლასტიკური ნარჩენებისგან  სანაპირო ზოლი ყოველდღიურად  სუფთავდება. რაც შეხება  სანაპირო ზოლზე წყლის დაბინძურებას, ურეკში საკანალიზაციო სისტემა ყველა ოჯახს და  სასტუმროს ინდივიდუალური აქვს, მისი შევსების შემდეგ ხდება ფეკალური მასების გატანა და არა ზღვაში ჩაშვება. რაც შეეხება წყლის ნავთობით დაბინძურებას, მდინარე სუფსის მიერ ჩამოტანილი მასა, რომელიც ზღვისა და მდინარის შეერთების ადგილას ლაქებად ჩანს,  არის ტორფი  და არა ნავთობი,” – აცხადებს “ფორტუნასთან” საუბრისას ურეკის გამგებელი, დავით რობაქიძე.

ნინო მაჩიტიძისგან განსხვავებით, გარემოს საკითხებში ექსპერტი, ნინო ჩხობაძე, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად შავი ზღვის პერიმეტრისა და წყლის დაბინძურებისა, წელს შავ ზღვაზე დასვენება არის უსაფრთხო. თუმცა, ის აქვე განმარტავს, რომ დამსვენებლებმა ბავშვებთან მიმართებით დიდი ყურადღება წყლისა და საკვების ჰიგიენას უნდა მიაქციონ.

„რა თქმა უნდა არის დაბინძურება, მაგრამ ისეთი არა, რომ  ეს იყოს სახიფათო იმდენად,  რომ ვთქვათ, მაინცდამაინც ზღვა არის დამნაშავე ბავშვების მოწამვლისას, ეს ასე არაა. უბრალოდ, ნუ დაალევინებენ ონკანიდან წყალს ბავშვებს, რადგან მეტნაკლებად წყალგაყვანილობის პრობლემა საკურორტო ზონის გარკვეულ ნაწილში მაინც არსებობს.  ყურადღება მიაქციონ, რას ჭამენ და სვამენ. ზოგადად შავი ზღვა  ითვლება ერთ-ერთ დაბინძურებულ ზღვად, თუმცა,  ყველაზე დაბინძურებულად ბულგარეთის სანაპირო ითვლება.  სანაპირო ზოლი დღეს უკვე რეგულარულად იწმინდება. ურეკში გამგეობამ არაერთი გაწმენდითი სამუშაო ჩაატარა, მათ შორის მრავალი წლის განმავლობაში რაც არ გაკეთებულა, ჩაატარეს ღრმა ხვნა და სილაში ჩაფლული ნარჩენიც ამოიღეს,“ –  განაცხადა ნინო ჩხობაძემ.  

ნაგავი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, გარდა იმისა, რომ საფრთხეა ადამიანებისა და ზღვის ცოცხალი ორგანიზმებისთვის, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკაზეც – ტურისტებმა ნარჩენებით დანაგვიანებულ სანაპიროზე ჩამოსვლა და დასვენება აღარ ისურვონ. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, როგორც ადგილობრივების, ასევე მთლიანი ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან ეს რეგიონი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე.  ამიტომაც გარემოს დამცველები  სწორედ ამ ორმაგ საფრთხეზე მიუთითებენ.

საქმე ისაა, რომ  დაბინძურებული გარემოს მხოლოდ ნაწილის რეაბილიტაციაა შესაძლებელი. ადამიანური აქტივობებისგან გამოწვეული დაბინძურების დიდი ნაწილი მარტივად არ ქრება. მათგან გათავისუფლებას ათწლეულები და ხშირად ასწლეულები სჭირდება.

გარემოს დამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ მყარ ნარჩენებსა და საკანალიზაციო წყლებს არა უშუალოდ ზღვის სანაპიროებზე, არამედ მათი წარმოქმნის ადგილებში უნდა ვებრძოლოთ. მისი თქმით, ეს გაცილებით ეფექტიანი და იაფი დაუჯდება ქვეყანას.  ხშირია ნაგავსაყრელები იმ მდინარეების ხეობებში და კალაპოტის მიმდებარედ, რომლებიც შავი ზღვაში ჩაედინება. შექმნილი ვითარებიდან მთავარ გამოსავლად ჩხარტიშვილი სწორედ ამ ნაგავსაყრელების სწორ დაგეგმვას ასახელებს, რათა ნარჩენები არც მდინარეში და შემდეგ უკვე ზღვაში არ მოხვდეს, რაზეც რეაგირება დაგვიანებული იქნება. 

„სანაპიროებსა და წყალში მოხვედრილი ნარჩენებზე ბრძოლა არის ყველაზე არაეფექტური და ხანგრძლივპერიოდიანი, ამას სჯობს პრევენცია – არ დაბინძურდეს. შავი ზღვის დაბინძურება ხდება ორი ძირითადი მიმართულებით: მყარი ნარჩენებითა და თხევადი ნარჩენებით ანუ საკანალიზაციო წყლებით. შავი ზღვის აუზის მდინარეები ხეობებიდან ბინძურდება, სადაც ხშირ შემთხვევაში, ლეგალური თუ არალეგალური ნაგავსაყრელებია. ზაფხულში ეს ეპიდემიებისა და მთელი რიგი დაავადებების საფრთხეს ქმნის, მეორე მხრივ კი ეს არის ქიმიური დაბინძურების წყარო. ამ პრობლემაზე ბრძოლის იაფი და ადეკვატური მექანიზმი არის – ბრძოლა პირველწყაროდან, ანუ იქიდან, საიდანაც ნაგავი მდინარეში, შემდეგ კი ზღვასა და სანაპიროზე ხვდება. აქ იგულისხმება საკანალიზაციო სისტემების გამწმენდი ნაგებობების შექმნა და ასევე, ნარჩენების გატანის ეფექტური მექანიზმების შემოღება ადგილობრივი გამგეობების მიერ. უკვე  სანაპიროსა და ზღვაში მოხვედრილი ნარჩენებთან ბრძოლა კი არც ისე ეფექტური და თან ძვირია,“ – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

ფოტოები აღებულია არქივიდან და არ ასახავს არსებულ მდგომარეობას 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები