დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა უკვე ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა.
ქაშიბაძე განმარტავს, რომ ძირითადად, პაციენტებს დაზიანება მარჯვენა მტევნის არეში უფიქსირდებათ.
„პიროტექნიკით დაშავების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვქონდა. რამდენიმე შემთხვევაა მოზრდილის, რამდენიმე ბავშვის. ძირითადად მტევნის დაზიანებებით. ძირითადად იყო მარჯვენა მტევნის დაზიანებებით, რამდენიმე შემთხვევა იყო სახის დაზიანებით. დაახლოებით ათზე მეტი შემთხვევაა წინასაახალწლოდ. აქედან ნახევარი, 50 პროცენტი ბავშვი იყო, 50 პროცენტი მოზრდილი. ყველა მათგანი ამბულატორიული შემთხვევა იყო, ანუ კლინიკაში დაწოლა არც ერთს არ დაჭირვებია.დეკემბერში მოხდა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში…
თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ. ძალიან ბევრ პეტარდას საერთოდ არ აწერია ინსტრუქცია, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან ისეთ ენაზე აწერია, რომლის წაკითხვაც რთულია.
ჩემი რჩევაა, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, მით უმეტეს ბავშვები არ მიაკარონ ასაფეთქებელს. ეს არ არის საახალწლო საჩუქარი და სათამაშო, ეს არის საკმაოდ სერიოზული დენთის შემცველი ასაფეთქებელი, რომლის არასწორად გამოყენებამ, საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მოიტანოს. არც ერთი დაკარგული თითი არ ღირს არაფრად“,-განაცხადა გუგა ქაშიბაძემ “პირველ არხთან”.