“ქართული ოცნება“ მოქმედი პარლამენტის პირობებში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის 15 ნოემბრამდე პლენარულ სხდომაზე გადატანასა და განხილვას არ აპირებს. ამის გაკეთებას კი, მმართველ პარტიას “საბიუჯეტო კოდექსი“ და პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს. პროცესი ჯერჯერობით ვადების მიხედვით მიმდინარეობს.
როგორც ”ფორტუნასთან” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მთავრობას კომიტეტების მიერ განხილული პროექტი რამდენიმე დღით ადრე გადაეგზავნა. მათ ვადა 20 ოქტომბრამდე ჰქონდათ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კი 2017 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გუშინ გამართა, რითაც ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებში განხილვის ეტაპი დასრულდა.
”ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ. 20 რიცხვის ნაცვლად ჩვენ განხილვა 17-ში დავასრულეთ. გუშინვე გადავგზავნეთ განხილული პროექტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელსაც, თავის მხრივ, ამ დოკუმენტის მთავრობისთვის გადაცემის 2-დღიანი ვადა აქვს. ასე რომ, მთავრობას მეტი დროც კი დავუტოვეთ არსებული შენიშვნების შესასწავლად და გასათვალისწინებლად”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ”ფორტუნასთან”.
მეჭიაურის თქმითვე, გუშინდელ განხილვაზე მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის გადამუშავებას გეგმავენ.
”მთავრობა ბიუჯეტის ამ ვარიანტის გადამუშავებას ისედაც აპირებს, რადგან ბიუჯეტში წინასაარჩევნო დაპირებები უნდა აისახოს. მთავრობას აბსოლუტური უმრავლესობა აქვს, შესაბამისად მას ნებისმიერი ვარიანტის მიღების შესაძლებლობა გააჩნია. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა მხოლოდ მათზე იქნება”, – განაცხადა მან ”ფორტუნასთან”.
მეჭიაურის თქმით, ახალი ბიუჯეტი ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა რამდენად დამტკიცდება ის ვადებში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეიკრიბება ახალი პარლამენტი.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრი ნოდარ ებანოიძე ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების ვადების დაცვა ვერ მოხერხდება.
”ამით დაირღვევა საბიუჯეტო კოდექსი და რეგლამენტი. სხვა ქვეყნებში ბიუჯეტის დამტკიცება საარჩევნო წლის დროს, განსხვავებულად ხდება. საარჩევნო წელი სპეციფიკურია. ჩვენთან ეს პრობლემა ადრე არ იყო, ახლა მეორე ტურების დამატების გამო, ვადები ცუდად ემთხვევა. კომიტეტების ფორმირება და საკადრო საკითხები, ბევრ დროს წაიღებს. საბოლოო ვადაში, ალბათ, ჩაეტევიან, თუმცა მეორედ წარდგენა, სავარაუდოდ, დროულად ვერ მოხერხდება”, – განაცხადა ებანოიძემ ”ფორტუნასთან”.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრამდე მთავრობას უკან დაუბრუნდება, კომიტეტების სხდომებზე გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით.
თავის მხრივ, მთავრობამ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ ბიუჯეტის განხილვის პროცესი, “საბიუჯეტო კოდექსითა“ და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება, სადაც პროექტს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი წარადგენს.
პლენარული სხდომის ფორმატში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ – არა უგვიანეს 15 ნოემბრისა უკან დაუბრუნდება, ხოლო მთავრობა ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრისა შეიტანს.
ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის ბოლო პარასკევამდე აქვს.