LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამტენი, ბინა-საკვები და იურიდიული მომსახურება – როგორ ეხმარებიან უსასყიდლოდ აქციის მონაწილეებს

355
FORTUNA.GE (47)

ხვალ, 14 ნოემბერს ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავს. გასულ უქმეებზეც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მომხრეები რუსთაველის გამზირზე შეკრიბა და მრავალსაათიანი აქციაც მოეწყო, რომელიც 22:00 საათის, ანუ შეზღუდვების ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. რა იქნება მომავალში ამას მალე ვნახავთ, მანამდე კი აქციები სხვა კუთხით უნდა დავინახოთ.

სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა, მოქალაქეობრივი სოლიდარობის სხვადასხვა ფორმა აირჩიეს და საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით საზოგადოებას თანადგომა სიკეთის განსხვავებული მიდგომით აჩვენეს.

8-9 ნოემბრის, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო და დაუმორჩილებლობის აქციაზე, არაერთ კეთილ ადამიანს შეამჩნევდით, რომლებიც აქციის მონაწილეებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ინდივიდუალურად, საკუთარი სახსრებითა და განსხვავებული ფორმით უწევდნენ დახმარებას.

 

ეს 21 წლის ლუკა ჭიჭინაძეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის, მე-4 კურსის სტუდენტი.

„პოლიტიკური პროცესები, პროფესიასთან ერთად ჩემი ჰობიც არის, არაერთ აქციაზე ვარ ნამყოფი. ბოლო აქციაზე, მაშინ, როდესაც საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივდიოდი, წავიღე ზურგჩანთა, სადაც ტელეფონების დასატენად სპეციალური მოწყობილობა, ე.წ „პოუერ ბანკი“ მქონდა მოთავსებული. აქციის მსვლელობის დროს, მოწყობილობას პირადად ვიყენებდი, ამით იმის თქმა მინდა, რომ თავიდან ამ სიკეთის გაკეთება განზრახული არ ყოფილა. გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ, როდესაც შევხედე, რომ აქციაზე დილიდან მოსული ხალხი, დამჯდარი ტელეფონების გამო, ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, ვიპოვე ფურცელი, სადაც ჩემი ხელით დავაწერე „ტელეფონის დატენვა“ და გულზე ჩამოვიკიდე. არაერთმა ადამიანმა ისარგებლა ამ მომსახურებით, მეტიც… როდესაც ჩემი დაჯდა, სხვა ადამიანები მაწვდიდნენ დატენილ მოწყობილობებს, რომ ხალხისთვის ერთგვარი დახმარება გამეწია. სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებს, რაღაცით ეხმარები, მათ მომღიმარ-მადლიერ სახეებს ხედავ. უანგაროდ ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ სანაცვლოდ უდიდეს პოზიტივს და თბილ სიტყვებს ვიღებდი.

 

დახმარების განსხვავებული ფორმა გამოხატა ტიმოთე რაზგოევმა. ტიმოთე 26 წლის არის, ის პროფესიით მზარეულია. ტიმოთე თავისუფლების მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ მისამართზე ცხოვრობს. 9 ნოემბერს, აქციის პერიოდში მან არაერთ სოციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას, თავშესაფრით უზრუნველყოფას სთავაზობდა.

„იმის გამო, რომ მეორე დღეს რთული სამუშაო დღე მქონდა, ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად აქციაზე წასვლა ვერ მოვახერხე, რასაც განვიცდიდი. ბევრი ვიფიქრე, რით შემეძლო გამომეხატა თანადგომა მოსახლეობისთვის. ვინაიდან აქციის ტერიტორიასთან საკმაოდ ახლოს ვცხოვრობ აქციის მოაწილეების მასპინძლობა გადავწყვიტე. 9 ნოემბერს მაშინ, როდესაც რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, 22:00-დან კომენდანტის საათი იწყებოდა და გარეთ სუსხიანი ცივი ამინდი იყო, ვიფიქრე ვინმეს თავშესაფარი დასჭირდებოდა. 3-ოთახიანი ბინა მაქვს, სადაც მე და ჩემი ოჯახის წევრები ვცხოვრობთ. ბინაში რამდენიმე ადამიანის მოთავსებას კიდევ შევძლებდი და უანგაროდ და უსასყიდლოდ დავეხმარებოდი ნებისმიერ მსურველს. სტუმრებისთვის მოვიმარაგე პროდუქტი, ჩაი და ე.წ „სასუსნავები“. მოვამზადე პირსახოცები და სათადარიგო ტანსაცმელი. ამით მინდოდა მოქალაქეებისთვის თანადგომა გამომეხატა. პოსტი სოციალური ქსელის თითქმის ყველა საიტზე განვათავსე და არაერთი მადლიერი ადამიანი გამომეხმაურა და დამიკავშირდა. ვფიქრობ, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია”.

 

როგორც უკვე ვიცით, აქციაზე კომენდანტის საათის დარღვევის გამო არაერთი პირი დააჯარიმეს. ამ ფაქტის გამო სოციალურ ქსელში გაჩნდა პოსტი – უსასყიდლო იურიდიულ მომსახურებაზე. პოსტის ავტორი ნათია ხარაზიშვილია. ნათია სამართლის მაგისტრი და ახალგაზრდა იურისტია, რომელიც უკვე დაახლოებით 2 წელია საკუთარი პროფესიით მუშაობს. ნათიას თქმით, ის და მისი კოლეგები, 9 ნოემბერს აქციაზე დაჯარიმებულ მოსახლეობას უსასყიდლოდ გაუწევენ ყველანაირ იურიდიულ მომსახურებას.

 

 

 

„იქიდან გამომდინარე, რომ მარტოხელა დედა ვარ და მცირეწლოვან შვილს ვზრდი, აქციაზე წასვლა ვერ მოვახერხე. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 22:00 საათიდან კომენდანტის საათი იწყებოდა. მოსალოდნელი იყო ჯარიმებიც, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერთან გარკვეული გათვალისწინებებიც უნდა მომხდარიყო. მეორე დღეს, როდესაც რამდენიმე ჯარიმა უკვე გამოწერილი იყო, გადავწყვიტე ყველა დაჯარიმებული აქციის მონაწილესთვის იურიდიული დახმარება გამეწია. ამის გამო მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი პოსტი გამოვაქვეყნეთ. ერთ-ერთი ჯარიმა უკვე გავასაჩივრეთ, სასამართლოც იყო და საქმე წარმატებით დასრულდა. კომენდანტიის საათის ჯარიმა, მოსამართლემ ბათილად ცნო. ამგვარ კანონიერ და იურიდიულ დახმარებას ვთავაზობთ ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და პოზიციისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უსასყიდლოა. დახმარების ეს ფორმა თითოეული ამ მოქალაქის მიმართ, პირველ რიგში ჩემი მხარდაჭერის გამოხატვაა”.