პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას ეხმიანება.
სერგეენკოს თქმით, ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა და ცხადი იყო, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა.
მისივე თქმით, არცერთ ექიმს აზრად არ მოუვა, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს:
“ადვოკატები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, თავისთავად ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, უკან დაბრუნდებოდა.
სტაბილური იყო თუ არა მისი მდგომარეობა, ამაზე უამრავი ადამიანი აკეთებს განცხადებას, მათ შორის პროცენტულად ბევრად მეტია, ვინც ექიმი არ არის.
მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს განცხადება და დამიჯერეთ, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას. ასე რომ ადვოკატებმა, არაექიმებმა აცალონ თავისი საქმის გაკეთება. რა თქმა უნდა, ადამიანურად და ჰუმანურად ცუდი იქნება, თუ ისევ შიმშილობა დაიწყო.” – თქვა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
გვარამია სააკაშვილზე: “უნდა ვნახო, რომ ცოცხალია და არ აქვს დაზიანებები”
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს