“ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება”- ამის შესახებ ჟურნალისტებს „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებულმა მუშამ, გიორგი ლიპარტელიანმა განუცხადა.
„ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა“, – განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა
მეორე მუშა, ნოდარ ჩახალიანი ამბობს, რომ ისინი დამცავ საშუალებებს მუდმივად იყენებენ, მაგრამ დაბალი სიმაღლიდან გამომდინარე, ამჯერად უასფრთხოების ნორმები არ დაიცვეს.
“სიმაღლე არ იყო ისეთი, რომ დამცავი გაგვეკეთებინა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამცავის გარეშე ვმუშაობდით“, – განაცხადა ნოდარ ჩახალიანმა.
16 აპრილს, რუსთაველის #1-ში, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა მიმდინარეობს, მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა.
შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შრომითი ინსპექციის სამსახურმა “პანორამა თბილისის” მშენებლობის შემოწმების შემდეგ მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.