LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკვირვების უფლების მქონე პირებს ამომრჩევლებზე საჯარო ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ – ანა მიქელაძე

90

დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ განცხადებით ანა მიქელაძე დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლების მონაცემების გადამოწმების საკითხთან დაკავშირებით ცესკო-ში შესულ შეტყობინებებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ცესკო დამკვირვებლებს მიმართავს, ამ უფლებების მიუხედავად, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საარჩევნო პროცესის ხელისშეშლის გარეშე.

“ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დამკვირვებლებს და ასევე სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება.

უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს დაკვირვების უფლების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება”,-განაცხადა ანა მიქელაძემ.