LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკვირვების რეჟიმში ვართ – პაატა იმნაძე „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებასა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე

399
იმნაძე-Yn2DjBi

თანამედროვე პირობებში ყვავილის გაჩერება არ არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ისეთი გადამდები არ არის, როგორიც კორონავირუსი იყო. ალბათ, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„აფრიკის მონაცემებით, დასავლეთ-აფრიკული ვარიანტის ლეტალობა დაახლოებით, 1%-ია, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად, სულ არის ხოლმე შემთხვევები. ცოტა უფრო მძიმე მიმდინარეობა ცენტრალურ-აფრიკულ ვარიანტს ახასიათებს. იქ ლეტალობა შეიძლება, 10%-მდეც ადიოდეს.

ჯერჯერობით, 100-მდე შემთხვევიდან, რაც ევროპასა და ამერიკაში არის დადასტურებული, არც ერთი არ ყოფილა მძიმე მიმდინარეობის, არც ერთი გარდაცვალება არ ყოფილა. უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. მთელი მსოფლიო, ჩემი კოლეგები დაკვირვების რეჟიმში ვართ,“ – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ყვავილების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის “მაიმუნის ყვავილზეც“ ეფექტიანია.

“ყვავილზე აცრა 1980 წლის მერე დედამიწაზე აღარ ხდება. ყვავილის ვაქცინა არსებობს და „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც საკმაოდ ეფექტიანად იცავს. თუ საჭირო გახდება ეს ვაქცინა არსებობს, მსოფლიოს მისი წარმოების პოტენციალი გააჩნია, ასე რომ დიდ გართულებებს არ ველი, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განმარტებით, ჯერჯერობით საშიში არაფერია და მსგავს დაავადებებზე საქართველოში ზედამხედველობის სისტემა „კარგად არის აწყობილი“.

„შიში არასოდეს არ არის კარგი. ჯერჯერობით არ უნდა გვეშინოდეს, საშიში ნამდვილად არაფერი არ არის. 2 დღის წინ დავბრუნდი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. იქ სადაც ბევრი შემთხვევებია ევროპაში – იგივე ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, იქაც კი არ არის ჯერჯერობით განგაშის მაღალი საფეხურები ჩართული. არაფერი ახალი არ არის. მაიმუნის ყვავილი 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

როდესაც დედამიწაზე „ნატურალური ყვავილის“ ვაქცინაციის საშუალებით აღმოფხვრა მოხდა, იმ წლებში წამოყო სხვადასხვა ყვავილებმა/ნათესავმა ვირუსებმა თავი. მაგალითად, ეს იყო „მაიმუნის ყვავილი“, „ძროხის ყვავილი“ და სხვა. სხვათა შორის, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ყვავილის კიდევ ერთი ნაირსახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც „ახმეტა ვირუსი“ ვუწოდეთ, რადგან მთის საძოვრებში, მწყემსებში დადასტურდა. ასე რომ, საქართველოში ასეთ დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემა კარგად გვაქვს აწყობილი. საქართველოში „ძროხის ყვავილი“ ყოველწლიურად არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის. „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა, იმედია არც ახლა გვექნება, მაგრამ მზადყოფნა გვაქვს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები