პოლიციის მთავარ სამმართველოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე მივიდა, რომელიც “გირჩის” ლიდერის ინტერესებს დაიცავს. აჭარაძემ ჟურნალისტებთან სამმართველოში შესვლამდე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გაცნობია.
„რაიმე დეტალები ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია. ახლა უნდა შევიდე, რათა უშუალოდ გავესაუბრო ზურაბ ჯაფარიძეს და ინფორმაცია მივიღო გამომძიებლისგან”, – განაცხადა აჭარაძემ.
ადვოკატისათვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა სხვა დაკავებულებიც პოლიციის სამმართველოში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში ნებაყოფლობით გაყვა.როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის „დედაენის“ ბაღში სულ 11 პირი დააკავეს.