LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

380
4e2b750a4a722e3bfa3b8d7e55673798-XL

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები 1 ნოემრიდან იცვლება. ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 სწორედ ნოემბრიდან შევა ძალაში, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა  და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დარეგულირებას.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიზანი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქის პირადი მონაცემების დაცვაა, რათა არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება.

„საკანონმდებლო სიახლე ერთი მხრივ იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას“ – განმარტავენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

​ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მაშინვე უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რასაც შემდგომ კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, ახალი დოკუმენტის მისაღებად წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ახალ დოკუმენტს ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.

ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.

მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტო დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს გააუქმებს, აღნიშნულ ფაქტზე პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინტერპოლს მიაწვდის ინფორმაციას  და მოქალაქეზე ახალ პასპორტს გასცემს.

ახალი რეგულაციები 1 ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე არ გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები