სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ტრენინგი „ვაზის სხვლა-ფორმირების პრინციპები” ჩატარდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ტრენინგი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის, ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მევენახეობის აგროწესების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას.
”ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვაზის გასხვლა-ფორმირების პრინციპების თეორიულ ასპექტებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში კი მონაწილეობა მიიღეს გასხვლის პროცესში. ტრენინგის ბოლოს მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე”, – განაცხადეს სამინისტროში და აღნიშნეს, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მსგავსი ტიპის ტრენინგები ინტენსიურად განხორციელდება.