LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირებულების მკურნალობაში შესაძლოა ინოვაციური მიდგომა დაინერგოს: თენგიზ ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა

208
tengoo

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. თენგიზ ცერცვაძემ კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტები მოინახულა და ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც საქართველოში და ზოგაგად მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში არის მიღებული, წარმატებულია, რასაც ადასტურებს ქვეყანაში ფატალური შემთხვევების და ინფიცირებულების მცირე რაოდენობა.

თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროტოკოლი, რითაც ხელმძღვანელობს სამედიცინო პერსონალი, მხოლოდ პრეპარატი პლაქველინით არ შემოიფარგლება.  მისი თქმით, კორონავირუსის სამკურნალო ვაქცინის პირველი ნიმუშები უკვე შექმნილია და აშშ-სა და გერმანიაში მიმდინარეობს ცდები. ცერცვაძე აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით კოვიდის სამკურნალო ვაქცინა წლის ბოლოს უკვე მზად იქნება.

საქართველოში ვირუსის მკურნალობის კონტროლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო და გამოთქვამს ვარაუდს, რომ კორონავირუსით დადასტურებული პაციენტების რიცხვი უფრო კლებადი გახდება. თუმცა ცერცვაძე აქვე აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ინფექციის სრულ გაქრობას. მისივე თქმით, ისე, როგორც სხვა დაავადებები, გამოვლინდება და გვეყოლება კოვიდით ინფიცირებული პაციენტები, მაგრამ რაოდენობა უნდა იყოს დაბალი, რომ პროცესი მართვადი იყოს.

ცერცვაძემ გორის ჰოსპიტალის პაციენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით კლინიკიდან 5-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და ამჟამად ადგილზე თავდაცვის სამინისტროს მომსახურე პერსონალია განთავსებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალში პაციენტთა მკურნალობაში ინოვაციურ მეთოდს იყენებენ, რაც შესაძლოა კოვიდინფიცირებულების გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

“გორის ჰოსპიტალში 4 თუ 5 პაციენტია გამოჯანმრთელებული. აქ მკურნალობა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არის უმაღლეს დონეზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ აქ არის მკურნალობის ინოვაციური მიდგომა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ნინო ჭუმბურიძემ. ეს არის თანმხლები დაავადებების მკურნალობის დანერგვა. ჩვენ ვიცით რომ ფატალური შემთხვევების მიზეზი ხშირად არა კორონავირუსი, არამედ თანმხლები ქრონიკული დაავადებებია. ამიტომ ინიციატივა თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნაზე იქნება ახალი სიტყვა კოვიდთან მკურნალობაში” – განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

ის აცხადებს, რომ თბილისში ჩასვლისთანავე გააჟღერებს აღნიშნული ინოვაციური მეთოდის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები