2020 წლის 6 ივნისს 73 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა შესანიშნავი ადამიანი, ღირსეული მეგობარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არაერთი მაღალი კლასის სპეციალისტის აღმზრდელი და დამსახურებული ექიმი, კარდიოქირურგი ნიკა ავთანდილის ძე ჩიგოგიძე.
1972 წელს, ნ.ი. პიროგოვის სახელობის რუსეთის ეროვნული კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნიკა ჩიგოგიძე შორეულ აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში ექიმ-ქირურგად მუშაობდა.
1974 წლიდან დღემდე მისი საექიმო და სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრთან.
პროფესორ ი.ს. პეტროსიანის მოსწავლემ სრულყოფილად იცოდა ანგიოგრაფიული დიაგნოსტიკისა და ზრდასრულ პაციენტებსა და ბავშვებში გულ- სისხლძარღვთა თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების მკურნალობის მეთოდები.
ნიკა ჩიგოგიძე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ვ.ი. ბურაკოვსკის ახლო მეგობარი იყო და სიცოცხლის ბოლომდე მკურნალობდა მას. მისი ინიციატივით დაარსდა ენდოვასკულარული ქირურგიის ახალი ლაბორატორია, რომელიც გათვლილი იყო ექსპერიმენტულ-შემოქმედებითი იდეების ტექნოლოგიურ საფუძვლად.
ნიკა ჩიგოგიძე ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი და კორონარული და სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
2008 წელს მას ენდოვასკულარულ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ახალი მაღალტექნოლოგიური მეთოდების აღმოჩენასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ვ.ი. ბურაკოვსკის სახელობის პრემია გადაეცა.
ნიკა ჩიგოგიძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები შეფასებულია როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მისი თანამემამულე, ასევე უცხოელი კოლეგების მიერ. სამეცნიერო კოლექტივის სათავეში ყოფნისას იგი 2004 წელს ინოვაციათა გამოფენის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2002 წელს მას პირველი პრემია FIRE მიენიჭა ინტერვენციული რადიოლოგიის ევროპული ფონდის მიერ.
დამსახურებული ექიმი და მეცნიერი 20-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური ორიგინალური ნაშრომის პატენტის ავტორია ექსპერიმენტული და კლინიკური ენდოვასკულარული ქირურგიის სფეროში. მისი ტალანტის და მრავალფეროვანი ინტერესების წყალობით, მედიცინას ათეულობით მაღალი კლასის სპეციალისტი ჰყავს, რომლებიც თავის მასწავლებელს უდიდესი პატივისცემით იხსენებენ. ნიკა ჩიგოგიძემ ყველას აჩვენა ადამიანობის და პროფესიონალიზმის მაღალი დონე და ყველა ეცდება, რომ ამ დონეს მიაღწიოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევა ექსპერიმენტულ პირობებში ენდოვასკულარული მეთოდით აორტო-ფილტვის ანასტომოზების შექმნასთან დაკავშირებით, რომლის თანაავტორებიც ნიკა ჩიგოგიძე და თენგიზ ჯინჭარაძე იყვნენ.
ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის თანამშრომლები იზიარებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას და დანაკარგს. ჩვენს გულებში მუდამ დარჩება ამ დიდებული ადამიანის ხსოვნა.
ნიკა ჩიგოგიძის გარდაცვალებას რუსეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის მედიკოსი ნაუმ ოდიშარია ,,ფეისბუქზე” გამოეხმაურა.
,,ემოციების ზღვა და აზრები დალაგებულად საუბრის საშუალებას არ მაძლევს. არ შემიძლია გამოვძებნო სიტყვები იმ სულიერი ტკივილის აღსაწერად, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს.
დაგვტოვა შესანიშნავმა მეცნიერმა, გამომგონებელმა, დიდებულმა ქირურგმა, მასწავლებელმა და პედაგოგმა, მამამ, ძმამ და მეგობარმა! მას შეეძლო ერთდროულად უფროსიც ყოფილიყო და მეგობარიც. ყოველთვის შეეძლო მოსმენა და ბრძნული რჩევის მოცემა.
ასეთი მრავალმხრივი პიროვნება, ასეთი კეთილი გულით…
ძნელია შევაფასოთ მისი წვლილი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მეცნიერული ასპექტის განვითარებაში, შეუძლებელია გადაჭარბებულად შეფასდეს მისი გამოგონებები და ახალი მეთოდები, რომლებიც დაინერგა პრაქტიკაში.მის ზურგს უკან ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და უამრავი ურთულესი კლინიკური ქეისია. მან უდიდესი ცოდნა გადასცა ექიმების არაერთ თაობას, ათობით სპეციალისტმა მისი ხელმძღვანელობით დაიცვა სამეცნიერო ხარისხი, ასეულობით ქირურგი, რომელიც დღეს ოპერაციებს ატარებს, ნიკა ჩიგოგიძის სკოლის წარმომადგენელია!
ძნელია მომხდარის გააზრება, უფრო ძნელი კი ამ რეალობასთან შეგუებაა.
შეუცნობელია გზანი უფლისანი და ჩვენ თქვენს გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ…
დაე ნათელი იყოს გზა, რომელზეც წახვედით.
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ადამიანურ მადლობას გეუბნებით იმ ყველაფრისათვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ!
ჩვენც ოჯახსა და ახლობლებთან ერთად ვგლოვობთ…”