LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიცავი, გაკვირდები: სამოქალაქო მოძრაობის აქციის პარალელურად კონტრაქცია მიმდინარეობს

150
download (5)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. შენობასთან თავდაპირველად, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ აქტივისტები გამოჩნდნენ. მათი სხვადასხვა მოწოდებები გააჟღერეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამართალდამცველების ქმედებას აპროტესტებენ, რომლებიც საპროტესტო აქციებზე აქტივისტებს უსაფუძვლოდ აკავებენ.

„სირცხვილიას“ და „გაბედეს“ წარმომადგენლებმა ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები მიიტანეს – „დაგვიცავი”,”გაკვირდები”, “მოძალადესთან ნუ გაიგივდები”.

„დღევანდელი ჩვენი აქციით ვაპროტესტებთ, იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც პოლიცია პერმანენტულად ახორციელებს ჩვენს მიმართ. იმის მაგივრად, რომ იბრძოლონ „ტიტუშკების“ დასაკავებლად, ფიზიკურად გვესხმიან თავს, ნებისმიერი აქციიდან ჩვენ გვაკავებენ”, – აცხადებს მოძრაობა “გაბედეს” ერთ-ერთი აქტივისტი.

„შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა მოთხოვნით, „პოლიცია ქვეყნის სამსახურში იყოს“. ამასთანავე, სამოქალაქო აქტივისტმა უწყებას „პოლიციის შესახებ“ კანონის ასლიც დაუტოვა, რათა შსს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წაიკითხოს.

„სიმბოლურად მოვიტანეთ 90-იანების პოლიციელების ე.წ გაიშნიკის ჯოხი და დავწერეთ განცხადება, მოვიტანეთ „პოლიციის შესახებ“ კანონი, რომელიც დავტოვეთ კანცელარიაში და იმედია, შინაგან საქმათა მინისტრი მას წაიკითხავს.

განცხადებაში ვთხოვეთ მას, რომ ის იყოს ქვეყნის სამსახურში და შეცვალოს დღევანდელი რეალობა ჩვენთან ერთად და არ დაგვაბრუნოს იმ ეპოქაში, როდესაც ამ ჯოხებს იყენებდნენ პოლიციელები და როდესაც ისინი ღიად თანამშრომლობდნენ კრიმინალურ სამყაროსთან.“ – აღნიშნავს ფარულავა.

მოგვიანებით, შსს-სთან სხვა აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მედია ორგანიზაცია „20-30“-ის წარმომადგენლები არიან. მათი თქმით, ისინი მიმდინარე მეორე აქციის შინაარსსა და პროტესტს არ ეთანხმებიან. მათივე შეფასებით, პოლიცია ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და სათანადოდ ასრულებს თავის მოვალეობას.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ჯერჯერობით შსს-სთან გამართული ორი აქცია ინცედენტების გარეშე მიმდინარეობს.