LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაღლილი, გაკვირვებული, ყვავილებს ყიდდა, ასე მიყურა ობიექტივში, ძლივს ვიკავებდი ცრემლებს“ – ანდრო დგებუაძე ემოციურ ამბავს გვიზიარებს

9792
Untitled design (4)

ფილოსოფოსი და ტრენერი ანდრო დგებუაძე საზოგადოებას ემოციურ ამბავს უზიარებს.

დგებუაძე წერს შრი-ლანკაზე მოგზაურობის დროს გადახდენილ ამბავზე და ამ ამბის მთავარ გმირზე, რომელიც ყვავილებს ყიდდა:

„ამ ბიჭზე დეტალურად უნდა მოგიყვეთ.

ავტობუსით ავდიოდით ციცაბო მთაზე.

დაუსრულებელი სერპანტინები.

შრი-ლანკა – ტროპიკული აჭარა-გურია.

და უცბად, ეს ტიპი დგას გზაზე.

ყვავილებით.

ორივე ხელი გაშლილი

და სახეზე აწერია –

„გხედავ. შენც დამინახე“.

ყვავილებს ყიდდა.

…და მე ვთქვი: „აფსუს, რა კაი კადრი იყო გადასაღებად“.

გავიარეთ.

სერპინის შემდეგ მოსახვევს მივადექით.

ეს ბიჭი კიდევ უცბად ავარდა ციცაბოზე.

სწრაფად აბობღდა.

ლამის სირბილით.

თან ცალ ხელში წითელი ყვავილებით.

მოკლეზე მოჭრა გზა და ისევ წინ დაგვხვდა.

…და ჩვენც ვთქვით – „ვაიმე, ფული მაინც მიგვეცა“ –

და გავიარეთ.

და ეს ბიჭი კიდევ მეტი ფორიაქით, შეცბუნებით, ისევ ციცაბოს მიადგა.
რანაირად მოჭრა გზა არ მკითხოთ.

…და ავტობუსში ვერავინ მოითმინა. იყვირეს: „გააჩერეთ!“
ამოვიდა,გიჟივით ქოშინებდა. ვიყიდეთ.

ისედაც ვაჩუქეთ. ფოტო ვთხოვე.

დამიდგა და აი ასე პირდაპირ მიყურა ობიექტივში,
ესეც ფოტო. ესეც მთელი ისტორია.
====================
მთელი გზა ძლივს ვიკავებდი ცრემლებს,
არც ყვავილის გამყიდველზე მიტირია არასდროს,
არც მათხოვარზე,
არც მორბენალზე
და ვერ მივხვდი რა ხდებოდა,
არადა რაღაც ძალიან ღრმად შემეხო.
სიმბოლო!
ასეთ რამეს მამარდაშვილი სიმბოლოს ეძახდა –
რაღაც, რაც შეგხვდება გარე სამყაროში
და დაგანახვებს შინაგან სამყაროს.
ჰოდა ჩემი ცხოვრებაა ეს სერპანტნი
და როცა ერთხელ ვერ ვიგებ გასაგებს
„ის“ მოკლეზე მიჭრის გზას
და მელოდება.
იქნება ახლა დავინახო.
ახალი შანსი.
იქნებ ახლა მივხვდე.
ისევ ვაიგნორებ
და ისიც ისევ თავქუდმოგლეჯილი ჭრის გზას
იქნებ ახლა მაინც მივხვდე?
…და ასე
თვალებში ჩავხედე.
მივხვდი რომ თვითონაც აზრზე არ იყო რომ სიმბოლო იყო.
არადა მან დამანახვა ამ ჩემი ეგოს და სინდისის დაჭერობანა.
მზერა,
სევდა,
რითაც ჩემი სინდისი უყურებს ჩემსავე უსინდისობას.
აი ასე მიყურებს.
დაღლილი.
ნარბენი.
გაკვირვებული
ყვავილებით.
და უბრალოდ ელოდება –
როდის ვიცნობ!
ფერიცვალებას გილოცავთ ყველას!“ – წერს ანდრო დგებუაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები