შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, დადგენილი იქნა მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობის და პერიოდულობის ტესტირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.
შრომის ინსპეციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, დადგენილი იქნა თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები:
◾ ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებულია, ორ კვირაში ერთხელ უზრუნველყოს თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება;
◾ კვების ობიექტებისთვის ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირებით;
◾ სკოლების გახსნის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ.
უკვე დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინასებით გატესტოს თანამშრომლები.
როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქებით არ გამოვიწვიოთ ვირუსის ინტენსიური გავრცელება.
პარალელურად, კვლავ ყველას მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება, ყველა სავაჭრო ობიექტი კი ვალდებულია, აკონტროლოს მომხმარებელთა რიგები, ნაკადი და უზრუნველყოს დისტანციის დაცვა.