LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადასტურდა, რომ დღეს ქვეყანა სარდაფით იმართება” – ქუთაისსა და თელავში აქციები იმართება

76

ქუთაისში, გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების გამო, აქცია მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები მერიასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, დაუშვებელია ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია.

„ნუ ასარდაფებ”, „არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას,” – ასეთი მოწოდებები ისმის აქციაზე.

ქუთაისის ყოფილი მერი და „ძალა ერთობაშიას” წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყნის უკუსვლის შესახებ საზოგადოებაში მხოლოდ ეჭვი არსებობდა, ჩანაწერების გასაჯაროვებამ აღნიშნული დაადასტურა.

„დადასტურდა, რომ დღეს ქვეყანა სარდაფით იმართება. თუ დღეს საკადრის პასუხს არ გავცემთ ხელისუფლებას, ჩვენს შვილებს უმომავლობისთვის გავწირავთ,” – განაცხადა გია თევდორაძემ.

„ძალა ერთობაშიას” წევრის გიგა შუშანიას თქმით კი, ხელისუფლებას კრიმინალების ბანდა მართავს, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლული.

„საქართველოს დღეს კრიმინალების ბანდა მართავს. ქართველი ხალხის ხარჯზე ისინი სასახლეებს იშენებენ. აღმოჩნდა, რომ თითოეულ გავლენიან პირს ხელისუფლებაში ჰყავს საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება,” – აცხადებს გიგა შუშანია.

ასეთივე შინაარსის აქცია მიმდინარეობს თელავშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად  გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილი.

პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის კრიმინალური დაჯგუფება.

„რუსთავი 2″-მა აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

ჩანაწერებში საუბარია მრავალ კანონდარღვევაზე, მათ შორის, არაფორმირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე, მირზა სუბელიანის გარიგებაზე ხელისუფლებასთან და სკანდალურ საქმეებზე მოწმეების ცემასა და დაშინებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები