წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 954 397 შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, ხოლო ქართველების – 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი – უცხოელია.
ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ხუთეული ასეთია: პრომეთეს მღვიმე – 163 941; მარტვილის კანიონი – 147 374; ყაზბეგის ეროვნული პარკი – 154 085; სათაფლია – 85 526; ოკაცეს კანიონი – 73 113.
ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე – მაჭახელას ეროვნული პარკი – ზრდა 147%; მარტვილის კანიონი – ზრდა 136%; ალგეთის ეროვნული პარკი – ზრდა 74%; თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%; მტირალას ეროვნული პარკი – ზრდა – 41%; ოკაცეს კანიონი – ზრდა – 40%; პრომეთეს მღვიმე – ზრდა – 19%
უწყების ინფორმაციით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა – გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.
„20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს. კვლევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო“ ფარგლებში გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. კვლევა ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.