LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაავადების გამოვლენა განსაკუთრებით მაღალია 20-დან 40-მდე ასაკის ახალგაზრდებში – დღეს, თითოეულ პაციენტზე 25 ათასი ლარი იხარჯება“ – რა პროგრამებს ახორციელებს თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის

963
BeFunky-collage (38)

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 2.8 მილიონ ადამიანს უწევს ცხოვრება ამ დიაგნოზით. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა სპეციალისტთა ვარაუდით, ქვეყანაში ამ დაავადების მქონე 1500-2000 მოქალაქეა.

პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. 

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა –  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. ექიმთა განმარტებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.

გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და წლების განმავლობაში ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკვე მოქმედებს სამკურნალო პროგრამა და პაციენტები იღებენ საჭირო მკურნალობას, თუმცა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრები პაციენტები კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან, ხოლო დაავადება პროგრესირებს და მათთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია.

რა პროგრამები ხორციელდება გაფანტულ სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის? – საკითხზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერიამ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“ 2020 წლიდან დაიწყო. ხოლო, უკვე 2022 წლის იანვრიდან თბილისის მერია პროგრამის ბენეფიციარებს გარდა მედიკამენტებისა, დამატებით კვლევებს, თავის ტვინის ან/და ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც უფინანსებს.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გაფანტული სკლეროზი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. იგი არის ზოგადად, ნერვული სისტემის, ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ე.წ სკლეროზთან, მარტივად, რომ ვთქვათ, გაფანტული სკლეროზი არის ნერვული უჯრედების სიკვდილი, რომელიც საბოლოოდ იწვევს ადამიანის შრომისუუნარობას.

ახალი მედიკამენტები, რომელთა ეფექტურობა ბოლო წლების განმავლობაში იქნა აღიარებული ევროპისა და ამერიკის ასოციაციების მიერ, იწვევს ამ პროგრესის შეჩერებას, შესაბამისად, ადამიანს უკვე აღარ უვითარდება ეს დაავადება და ჩვეულებრივ, როგორც შრომისუნარიანი ადამიანი განაგრძობს ცხოვრებას. ამ მედიკამენტის მიუღებლობა კი იწვევს იმას, რომ ადამიანს შეიძლება ჯერ ქვედა კიდური გაუჩერდეს, ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა.

დაავადების გამოვლენა განსაკუთრებით მაღალია 20-დან 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. პროგრამა 2020 წლის აპრილიდან დავიწყეთ, პირველად ჩაერთო 40 ადამიანი. მედიკამენტების მომწოდებლებთან ცალ-ცალკე გვქონდა მოლაპარაკება.

 

 

პროგრამის დაწყებამდე სრული კურსის ღირებულება, წლის დასაწყისში იყო 25 ათასი დოლარი, ხოლო მას შემდეგ, რაც გაჩნდა სახელმწიფო პროგრამა, თბილისის მერიიდან გამომდინარე, ფასი თითქმის განახევრდა და დღეს, თითოეულ პაციენტზე იხარჯება 25 ათასი ლარი.

დღეისათვის, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების რაოდენობა უკვე 120 არის გაზრდილი და მათ უნაზღაურდებათ არა მარტო მედიკამენტის ღირებულება, არამედ 2022 წლის იანვრიდან უკვე დიაგნოსტიკაც არის მათთვის უფასო.

მედიკამენტის მიღების შემდეგ, გარკვეული პერიოდი საჭიროა მონიტორინგი, რომლის ჩატარებისთვის საჭიროა ძვირადღირებული გამოკვლევა და მისი ღირებულებაც შევიდა პროგრამაში“, – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, ნერვული სისტემის ამ ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადების მედიკამენტურ მკურნალობას დიდი თანხა სჭირდება, რომელსაც ამჟამად მხოლოდ თბილისსა და აჭარაში აფინანსებენ. კითხვას, რამდენად აფინანსებს მერია გაფანტული სკლეროზის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კვლევებს, გელა ჩივიაშვილმა ასე უპასუხა:

„ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი მიდის ნევროპათოლოგთან. მათთან მიმართვიანობა საკმაოდ მაღალი, შესაბამისად, პირველადი დიაგნოსტიკა ხდება ექიმთან. ცხადია, ეჭვისა და საჭიროების შემთხვევაში უკვე ნიშნავს მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას.

ამ შემთხვევაში პირველადი დიაგნოსტიკა არ შედის, რადგან ეს არის სკრინინგის პროგრამა, ეს არის მკურნალობის პროგრამა. თუმცა, ჩვენ ამ გამოკვლევას ვაფინანსებთ ე.წ რეფერალური პროგრამით, ეს შეიძლება დაფინანსდეს როგორც მერიის, ასევე გამგეობის მხრიდან, ასევე დაზღვევიდან და სხვა წყაროების მეშვეობით“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება სტატისტიკას, საქართველოში დაავადებულთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა გელა ჩივიაშვილის თქმით, თბილისში დაახლოებით 120 ადამიანია.

„შემიძლია მოგახსენოთ, თბილისის სტატისტიკა, დაახლოებით, 120 ადამიანი არის ამ ეტაპზე ჩართული პროგრამაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა გათვლებით შეიძლება იყოს 1000-1500-მდე ადამიანი, ვისაც ეს დახმარება ესაჭიროება.

ძირითადი მასა აჭარასა და თბილისშია, დანარჩენ რეგიონებთან დაკავშირებით, მათი დაფინანსება ალბათ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ დაავადება ყველაზე ხშირად 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში ვლინდება. გაფანტული სკლეროზი დღეს არ იკურნება, თანამედროვე მედიცინას შეუძლია, მხოლოდ შეამსუბუქოს სიმპტომების სიმძიმე.

„ნერვული უჯრედების განახლება არ ხდება, დღეს არსებული მედიკამენტი უბრალოდ ახდენს იმ პროცესის შეჩერებას, რა ეტაპზეც მოხდება მკურნალობის დაწყება. უკუსვლა ვერ ხდება. ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა და პრევენცია არის გარანტია იმისა, რომ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ ჩვეულებრივ საზოგადოებას უბრუნდება შრომისუნარიანი ადამიანი.

საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა შეიძლება სხვა დაავადების სიმპტომიც იყოს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია ერთი მარტივი კონსულტაცია ნევროპათოლოგთან, რომელიც პროფესიონალურად გაგიწევს კონსულტაციას. თუ 20-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ერთხელ მაინც მოხდება ვიზიტი ნევროპათოლოგთან, პრევენციის მიზნით კარგი საშუალებაა“, – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

გაფანტული სკლეროზის სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – „ავერსის“ კლინიკის ნევროლოგი მაკა მანია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები