მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე დაცხა, ზაფხულის დაავადებებს მოსახლეობისთვის ჯერ პრობლემები არ შეუქმნია. ყოველ შემთხვევაში, საავადმყოფოებისა და ექიმებისთვის მიმართვის შემთხვევები არ გახშირებულა. თუმცა, მედიკოსები ამბობენ, რომ წელს ნაწლავთა ინფექციური დაავადებებისა და მალფუჭებადი საკვების მიღებისგან გამოწვეული ინტოქსიკაციის შემთხვევების მომატებას უნდა ველოდოთ. ენტეროვირუსების მატება კი ნაკლებად მოსალოდნელია. მზეზე დამწვრობის შემთხვევები კი უკვე გაზრდილია.
დასასვენებლად წასულთა მთავარი პრობლემა კი სწორედ ნაწლავთა ინფექციაა, რომელიც დიარეით ვლინდება და შესაბამისად, სიფრთხილის გამოჩენა და ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.
ზაფხულობით, როგორც მედიკოსები ამბობენ, ბევრი დაავადება აქტიურდება, რადგან სიცხის გამო, საკვები მალე ფუჭდება, რაც მოწამვლის მიზეზი ხდება, რადგან სიცხეში საკვებში ადვილად მრავლდებიან ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები. ასევე მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკიც. ყველაფერ ამას კი დაავადების გადამტანი მწერების მომრავლება და აქტიურობაც ემატება. ასევე ხშირია მზის სხივებით გამოწვეული კანის დაზიანებები.
ე.წ. ზაფხულის ავადმყოფობები კი შესაძლოა, გამოხატული იყოს თავბრუს ხვევით, გულის რევით, ღებინებით, გონების დაკარგვითა და ა.შ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის ნაწლავური ინფექციების რიცხვი არ გაზრდილა, რადგან ჰაერის ტემპერატურა ჯერ ისევ დაბალია. ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ნაწლავური ინფექციების რიცხვიც შესაძლოა, გაიზარდოს.
დაავადებების გამომწვევი ძირითადი ფაქტორები საკვების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის წესების არასწორი დაცვაა. მედიკოსები მოქალაქეებს დაავადებების პრევენციისთვის ჰიგიენური ნორმების სწორ დაცვასაც ურჩევენ.
„ზაფხულში, ძირითადად, ადვილად ფუჭებადი საკვების გამოყენებით გამოწვეული ინფექციებია ხშირი. ეს წელი არ მოიაზრება ენტეროვირუსების მატების წლად. ნაწლავთა ინფექციების მატებისას კი იშვიათია სტაციონარში მოსვლის შემთხვევები. პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიურად მუშაობის შემდეგ, ჩვენთან მხოლოდ მძიმე პაციენტები მოდიან,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ზაფხულის საფრთხე – მწერები და ქვეწარმავლები
ზაფხულის სეზონზე, ინფექციების მატებასთან ერთად, არანაკლებ საშიშია მწერებითა და ქვეწარმავლებით ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხეები. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ მიმართულებით ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად საგანგაშოს ვერ ხედავენ, თუმცა მოსახლეობას მაინც აფრთხილებენ, რომ მწერებისგან დამცავი საშუალებები გამოიყენონ.
„საქართველოში გველი ძირითადად არაა შხამიანი. ის თავს არ გვესხმის, ჩვენ თუ ხელი არ შევუშალეთ. დაინახავ გველს, თავი დაანებე და წავა. ის თავს იცავს. რისკები არის გადამტანები მწერებისგან გადაცემადი დაავადებები, კოღოები, ტკიპები. ბუნებაში რომ გავალთ, უნდა ვიხმაროთ დამცავები, რათა თავი დავიცვათ ნაკბენებისგან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ინფექციებს, ხელები უნდა დავიბანოთ, გავრეცხოთ, რასაც შევჭამთ. მაგალითად, თუ მზეზე დევს ტორტი დიდხანს, არ შევჭამოთ. ზღვაზე თუ წაიყვანთ შვილებს, დედებმა კარტის თამაშის ნაცვლად, უნდა მიხედონ ბავშვებს, რათა მათ ყველაფერი პირში არ ჩაიდონ,“ – ამბობს „ფორტუნას“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე.
მიუხედავდ იმისა, რომ მზიანი ამინდები სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, დამწვრობის ცენტრში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. სტატისტიკის თანახმად, შარშანდელთან შედარებით, პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია. ივნისის სტატისტიკის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებას უკვე 68 პაციენტმა მიმართა, მათ შორის კი უმეტესობა მამაკაცია. პაციენტთა ასაკი 14-დან 60 წლამდე მერყეობს.
რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის დაავადებებისგან თავის დასაცავად
დაავადებებისგან თავის დასაცავად აუცილებელია ვიცოდეთ გარკვეული წესები.
- ჩაიცვით ღია ფერისა და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი. სამოსი არ უნდა იყოს ტანზე მჭიდროდ მომდგარი;
- თავზე უნდა გვეხუროს თავსაბურავი ან ქუდი;
- უნდა წავისვათ მზისგან დამცავი კრემი;
- უნდა შეიზღუდოს კოფეინისა და ალკოჰოლის შემცვლელი სასმელების მიღება;
- უნდა მივიღოთ ბევრი სითხე, თუმცა ცხელ დღეებში ძალიან ცივი სასმელი არაა რეკომენდირებული;
- მომზადებული საკვები აუცილებელია, იყოს მაქსიმალურად შემწვარი ან მაქსიმალურად მოხარშული.
- უნდა მოვერიდოთ ხორცის პროდუქტების ღია სივრცეებში შეძენას;- ხელი უნდა დავიბანოთ ხშირად.
ქეთი გიგოლაშვილი