უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს მოუწოდებს, ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის გამო.
რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თემაზე საუბრისას დმიტრო კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს აღიარებს ამ აბსურდს“. მისივე თქმით, „პუტინი ბოლო ქმედებებით თავს ესხმის მსოფლიო წესრიგს”.
”მსოფლიომ უნდა უპასუხოს მთელი თავისი ეკონომიკური ძალით, რათა დაისაჯოს რუსეთი იმ დანაშაულებისთვის, რაც მან უკვე ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც გეგმავს. დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად,“- აღნიშნა კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ამ კვირისთვის იყო დაგეგმილი, გააუქმა.
ბლინკენი ლავროვთან შეხვედრას დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „ახლა, როცა ჩანს, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა ცხადად დაგვანახა დიპლომატიის უარყოფა, აზრი არ აქვს, ამ ეტაპზე შეხვედრის გაგრძელება“, – თქვა ბლინკენმა.