აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დ. აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი დროებით დაიკეტება.
პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დ. აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.
დ. აღმაშენებლის გამზირზე – დ. აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე – მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემა, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრობის და გაზმომარაგების სისტემები, ასევე განახლდება სუსტი დენების ცენტრალური გაყვანილობაც.
გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების წარმოებას (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), 2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე – N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე. ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე.
დ. აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემდეგი:
დ. აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან – ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის გავლით.
დ. აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან – ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით.
საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოების წარმოების დროს, დროებით შეიზღუდება მოძრაობა დ. აღმაშენებლის გამზირის გადამკვეთ – კიევის და რომის ქუჩებზეც (გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქუჩა უერთდება სრულად გადაკეტილ დ. აღმაშენებლის გამზირს და გარდა ამისა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები მოიცავს ასევე რომის ქუჩასაც).
ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით მოძრაობის შეფერხებისთვის.