3 ნოემბერს, Factory Tbilisi-ის სივრცეში (კოკა-კოლის ძველი ქარხანა) უპრეცედენტო ღონისძიებების სერია იწყება, რომელშიც გაერთიანებული იქნება გამოფენები, მუსიკალური კონცერტები, პანელური დისკუსიები და სხვა საინტერესო აქტივობები.
“Culture Week Tbilisi “-ი უკრაინის მხარდასაჭერად, სოფო ჭყონიას, ევგენი ბერეზნიცკის, სერჟ კერბიცკის ინიციატივით შეიქმნა. საქართველო პირველია, რომელიც ამ პროექტს უმასპინძლებს, მომდევნო კულტურის კვირეულები კი ევროპის ქვეყნების სხვადასხვა დედაქალაქებში გაიმართება.
Culture Week Tbilisi-ის მთავარი მიზანია ხელოვნების ენით ებრძოლოს ომს, კვირეულის ფარგლებში ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის, არტისტები ამ იდეის გარშემო გაერთიანდებიან და სტუმრებს არა ერთ მნიშვნელოვან მესიჯს გაუზიარებენ.
გამოფენა საღამოს 7 საათზე იხსნება, 9 საათზე კი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან, ნინო ქათამაძესა და კატია ჩილისთან (უკრაინელი სოლისტი) ერთად მუსიკალურ კონცერტს გამართავს.
რაც შეეხება დღის კულმინაციას, Culture Week Tbilisi-ი კლუბ BASSIANI-ის დარბაზში გადაინაცვლებს და ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერფორმანსს შემოგვთავაზებს – თანამედროვე საბალეტო დასი “Quatro” სანდრო გეგეჭკორის (ფირტეპიანო) და ლიზა რამიშვილის (ჩელო) მუსიკალური თანხლებით. ღონისძიება ღამის 11 საათზე იწყება.
5 ნოემბერს, კონცერტს გამართავს ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი, რომლის საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ნიკოლოზ რაჭველი.