”ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ”ჩელსის” წინააღმდეგ წუხელ გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც გაიტანა.
მიუხედავად ამისა, ეს მესისთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ჩემპიონთა ლიგის იმ მატჩებში, რომლებსაც არგენტინელი შეუცვლელად ატარებს, იგი 90 წუთში კარში დაახლოებით 5,7-ჯერ ურტყამს. ლა ლიგის შემთხვევაში კარში დარტყმების საშუალო მაჩვენებელია 5,6.
მესიმ წუხანდელ მატჩში გატანილი გოლით პირველად აიღო ”ჩელსის” კარი. მან კურტუას 75-ე წუთზე გაუტანა.
გუშინდელ მატჩამდე არგენტინელმა „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართულ 8 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ”არისტოკრატებისათვის” გოლის გატანას უშედეგოდ ცდილობდა.
ამ დაპირისპირებაში ერთი საინტერესო შემთხვევაც დაფიქსირდა. ”ჩელსის” სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ინგლისელი ფეხბურთელი არ ყოფილა. ერთადერთი, მოგვიანებით მოედანზე დენიელ დრინკუოტერი შემოვიდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ”ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩის ძირითადში ინგლისელი ფეხბურთელი არ ჰყოლია.
მეორე მატჩში კი მიუნხენის ”ბაიერნმა” თავისივე რეკორდი გაიმეორა, რომელიც შორეულ 1980 წელს დამყარდა.
იუპ ჰაინკესის გუნდმა საკუთარ ”ალიანს არენაზე” ”ბეშიქთაში” 5:0 გაანადგურა.
ყველა ტურნირის ჩათვლით, ეს ”რეკორდმაისტერის” ზედიზედ მე-14 გამარჯვებაა. აქამდე ასეთი რამ სწორედ მხოლოდ 1980 წელს მოხდა. ეს კლუბის საუკეთესო შედეგია.