გასული წლის 30 ივლისს, თბილისში მოკლული შანაი ბრუკის ძმამ, სასამართლო პროცესზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
შანაი ბრუკის ძმა: მკვლელობაში ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ, უვადო პატიმრობას მოვითხოვთ
ტაისონ ედვარდსმა განაცხადა, რომ ოჯახი დამნაშავის სამუდამო პატიმრობას ელის, რადგან შანაი ამას იმსახურებს.
როგორც ემოციური მიმართვის დროს მოკლულის ძმამ თქვა, ცრემლები ახრჩობს, როცა იაზრებს, რომ ყველაზე საჭირო დროს საკუთარ დასთან არ იყო:
“მოვედი თქვენ წინაშე, როგორც შანაის ძმა, ჩვენი ოჯახის და შანაის მეგობრების სახელით. შანაი იყო მხიარული, პოზიტიური ენერგია ჰქონდა, რომელიც ოჯახს ავსებდა. ის ბევრ ადგილას არის ნამყოფი. მაგალითად, ის უსახლკარო ადამიანებს სახელით იცნობდა, მათ ესაუბრებოდა. ის ამერიკაში, როგორც მოხალისე, ეხმარებოდა უპატრონო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განათლების მიღებაში, ის ასევე პოლონეთში ბავშვთა ბანაკში მუშაობდა, თბილისში მან ვაქცინაცია გაუკეთა კნუტებს, მათ ქართული სახელებიც კი დაარქვა.
ეს არის ქალის ის ტიპი, როგორიც შანაი იყო, ის იყო მოკრძალებული, კეთილი, მზრუნველი, ის ირგვლივ ყველას სიყვარულით ეპყრობოდა და ასე ექცეოდნენ მასაც. შანაიმ მისი მოკლე სიცოცხლე აავსო იმ საქმიანობით, რაც მას უყვარდა – თოვლი, წყალი, ადამიანები და მათი კულტურა. გასაკვირი არ არის, რომ მას საქართველო შეუყვარდა.
იმ ქვეყნებიდან, სადაც შანაი მოხალისედ მუშაობდა, საქართველოც იყო, რომელმაც მისი გული დაიპყრო. 2021 წლის 30 ივლისს, შანაი აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა – ბუნებაში დადიოდა. შეუძლებელია, აქ იდგე და განადგურებისა და მწუხარების ხარისხი გამოხატო, რაც ჩვენ გამოვიარეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამყარო თავდაყირა დადგა. ყველაფერს, რაც მოჰყვება მწუხარებას, ყოველდღიურად განვიცდით. ყველა ჩვენი სხვა საზრუნავი გაფერმკრთალდა და გაუჩინარდა, ეს ყველაფერი ენით აღუწერელმა მწუხარებამ ჩაანაცვლა. თუ მწუხარებას ტალღებად გავზომავთ, შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვიძირებით.
შანაი ყოველთვის ჩემთვის ყველაზე საჭირო იყო – ცრემლები მახრჩობს, როცა ვიაზრებ, რომ ყველაზე საჭირო დროს მასთან არ ვიყავი.
შანაის დაკარგვა, ეს უდიდესი დანაკარგია მთელი ჩვენი ცხოვრებისთვის. მისი საბოლოო სიტყვები ბოლო ზარის დროს, გამოხატავს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს სიტყვები არის – ძალიან გთხოვ, მოაშორე ხელი, რატომ აკეთებ ამას.
შანაიმ ყველაფერი დაკარგა, ყველა მისი ოცნება დასრულდა, ის ვეღარასდროს ვეღარ გაიცინებს მის მეგობრებთან ერთად, ის ვეღარასდროს მოუსმინეს მის საყვარელ სიმღერებს, ვეღარასდროს ჩაიცვამს ლურჯს და მწვანეს, ვერასდროს იგრძნობს სითბოს, როცა ჩაეხუტება დედას და ვერასდროს გახდება თავად დედა. მისი მამა ვერასდროს მიაცილებს მას საკურთხევლამდე ქორწინების დღეს.
ის ტკივილი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, განუზომელია – სიცოცხლე, რომელიც უპირობოდ დაპაუზდა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ყოფნა ვერ შევძელით”, – თქვა მან.
ტაისონ ედვარდსმა სასამართლო პროცესზე ასევე იკითხა, თუ რა ღირებულება აქვს საქართველოში უდანაშაულო ქალის სიცოცხლეს და რამდენად ძლიერია მცდელობა, მკვლელობის პრევენცია მოხდეს:
“გუშინ ქალთა საერთაშორისო დღე იყო, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის უსაფრთხოება თქვენს ქვეყანაში? რა ღირებულება აქვს თქვენს სახელმწიფოში უდანაშაულო ქალის სიცოცხლეს? რამდენად ძლიერია მცდელობა, მოხდეს მკვლელობის პრევენცია? ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მიიღებს, იქნება პასუხი ამ შეკითხვებზე. ჩვენი ოჯახი ელის სამუდამო პატიმრობას, შანაი ამას იმსახურებდა, ჩვენი ოჯახი და საქართველო ამას იმსახურებს. ჩვენი ოჯახი მის მობოდიშებას არ მიიღებს, შანაის ძვირფასი მეგობრები საქართველოში, მის ბოდიშს არ მიიღებენ. ბრალის აღიარება, ეს არ არის პატივისცემის გამოხატვა, ეს არ არის კეთილი ნება, ეს არ იმსახურებს შენდობას. ჩვენი გონება ვერ აღიქვამს რეალობას, თუ რა მოუვიდა, ჩვენ დას. ჩვენ ოჯახს ის დარჩენია, შანაის მოკლე ცხოვრებას მოეფერო”, – თქვა შანაი ბრუკის ძმამ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს თბილისში გაუჩინარდა. მისი ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.