LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Creative Europe 2022 – საგრანტო კონკურსი კულტურის, სახელოვნებო, ახალი მედიის და აუდიოვიზუალური სფეროების წარმომადგენლებისთვის

142
BeFunky-collage (3)

„შემოქმედებითი ევროპა“ – ევროკავშირის საინვესტიციო პროგრამა ხელოვანებისთვის რამდენიმე კონკურსს აცხადებს.

Creative Europe 2022 წლის სამუშაო პროგრამა უკვე დამტკიცებულია და ის სრულადაა მორგებული COVID კრიზისსა და გლობალურ გამოწვევებთან.

პროგრამის მნიშვნელობასა და მიზნებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ „შემოქმედებითი ევროპა“ საქართველოს დესკის ხელმძღვანელმა, ქეთევან შენგელიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო პროგრამის ფარგლებში შესული პროექტების რაოდენობისა და მიღებული დაფინანსების კუთხით, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.

მისი თქმით, „შემოქმედებითი ევროპა“ არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს, კულტურის შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გაძლიერებასა და განვითარებას.

წინა პროგრამასთან შედარებით, ახალი, შვიდწლიანი პროგრამა 50%-ით გაიზარდა და 2021-2027 წლების საერთო ბიუჯეტი, 2,4 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ქეთევან შენგელიას შეფასებით, საკმაოდ დიდი მიღწევაა და ამით ევროკავშირი აღიარებს, რომ კულტურის სფეროში უნდა ჩაიდოს დიდი ინვესტიცია.

„საქართველო, პირველად, ამ პროგრამაში 2015 წელს გაწევრიანდა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ ბიუროკრატიასთან, თუმცა საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება ევროკავშირთან და არის ოფიციალური, ასოცირებული ქვეყანა „შემოქმედებითი ევროპას“ ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან – ერთნაირი პირობებით შეგვიძლია ვიფიქროთ და განახორციელოთ პროექტები ასევე, მივიღოთ მეტი ცოდნა და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება“

ქეთევან შენგელიას განცხადებით, პროგრამას „შემოქმედებითი ევროპა“ ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს – პირველი ევროპული კულტურის შენარჩუნება, გაძლიერება და განვითარება, ხოლო მეორე პრიორიტეტი აქცენტს აკეთებს ევროპული კულტურის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე.

„ამასთან, პროგრამის ფარგლებში არის რამდენიმე მიმართულება – კულტურა, მედია და ახალი ამბების სექტორთაშორის მიმართულება. ეს არის სრულიად ახალი მიმართულება ევროკავშირისთვისაც. იქნება საპილოტე პროექტები. ევროკავშირი დატესტავს თუ რა მიმართულებით, რა მხარდაჭერა სჭირდება წევრ ქვეყნებს და შემდგომ, ჩამოყალიბდება სტანდარტული კონკურსები. რაც შეეხება კულტურას, არსებობს ღია კონკურსები.

ამ ეტაპზე ყველაზე აქტიური არის თანამშრომლობის კონკურსი, რომელზეც განაცხადის მიღების ბოლო ვადა, 5 მაისს იწურება. თუმცა, ეს [კონკურსი] ყოველწლიურია და ამ 7 წლის განმავლობაში მუდმივად იქნება. წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი, 60 მილიონი ევროა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. აღნიშნული კონკურსი გულისხმობს რამდენიმე ქვეყნის ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რათა ერთობლივად განახორციელონ პროექტი სხვადასხვა მიზნების მისაღწევად.

ევროკავშირს აქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება. ეს არის გენდერული ბალანსი, მწვანე გარიგება და ინკლუზიურობა. ყველა პროექტი რაღაც მიმართებით უნდა პასუხობდეს ამ პრიორიტეტებს – უნდა ახსნან როგორ აპირებენ შეებრძოლონ ასე ვთქვათ, ამ სირთულეებს. მედიის მიმართულებითაც არის რამდენიმე კონკურსი გამოცხადებული, ასევე მედია ტრენინგები. საქართველომ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ამ კონკურსებში. გვაქვს ფესტივალი „სინედოკი“, რომელიც ყოველწლიურად იღებს დაფინანსებას და წელსაც მიიღო. კულტურის სფეროს მიმართულებითაც რამდენიმე პროექტმა მიიღო დაფინანსება, მათ შორის არის არქიტექტურის ბიენალე, რომელმაც ახლა მესამეჯერაც მიიღო დაფინანსება”, – განაცხადა ქეთევან შენგელიამ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში გეოგრაფიული ბალანი მიღწეულ იქნა და დღეს, მაქსიმალურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნებთან.

„რაც შეეხება თანხას, წინა პროგრამის ფარგლებში საქართველოში მილიონნახევარზე მეტი ევრო შემოვიდა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა ჩვენი ქვეყნისთვის. საინტერესოა ისიც, რომ სელექცია უშუალოდ ქვეყანაში არ ხდება. ყველა კონკურსანტი განაცხადს პირდაპირ ბრიუსელში აგზავნის და უკვე იქ, ორი საერთაშორისო ექსპერტის მხრიდან ფასდება პროექტები.

ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არანაირ ეჭვს არ აჩენს დაფინანსების მიღების კუთხით”, -განაცხადა „შემოქმედებითი ევროპა“ საქართველოს დესკის ხელმძღვანელმა.

ქეთევან შენგელიას თქმით, კონკურსისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ფონდებისა და ტენდერების პორტალზე თავსდება.

“ამ ვებ-გვერდზე უნდა იყოს დარეგისტრირებული ნებისმიერი ორგანიზაცია.ჩვენი ფუნქცია არის, რომ მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია ამ კონკურსების შესახებ, თუმცა ასევე, დაინტერესებულ ადამიანებს ვეხმარებით უშუალოდ პროცესშიც, განაცხადების შევსებაში,კონტენტი კი უნდა მოდიოდეს თვითონ განმცხადებლისგან.

ჩვენ ვეხმარებით ტექნიკურ საკითხებში. ძირითადად პროექტები, რაც დაფინანსდა, დედაქალაქზე მოდის. სრულიად მთელი საქართველო მოვიარეთ, მაგრამ რეგიონებს სხვა პრობლემები აქვს, ინსტიტუციურად არ არიან მზად, მაინც სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვუბიძგებთ მათ მიიღონ მონაწილეობა, ევროკავშირსაც აინტერესებს, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ყოველთვის მზად ვართ, რეგიონებში დაინტერესებული ადამიანები გამოცდილ პირებს დავაკავშიროთ“, – განაცხადა „შემოქმედებითი ევროპა“ საქართველოს დესკის ხელმძღვანელმა.

ქეთევან შენგელიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროექტის მნიშვნელობას და დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციით მიმართა.

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამით ყველა დაინტერესებულ ადამიანს გზა ეხსნება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. გაიგებენ, რომ პრობლემები, რაც საქართველოშია, არის სხვა ქვეყნებშიც.

ამიტომ, ამ პროგრამის ყველაზე დიდი სიკეთე არის კოლაბორაციის შესაძლებლობა, რადგან ამ გზით იბადება ახალი იდეები, მოდის ახალი შესაძლებლობები. ყოფილა პროგრამები, რომელიც არ დაფინანსებულა, თუმცა თანამშრომლობა გაგრძელებულა და სხვა დაფინანსების წყაროც მოუძიებიათ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მჭიდრო კავშირი რჩება“,- „შემოქმედებითი ევროპა“ საქართველოს დესკის ხელმძღვანელმა, ქეთევან შენგელიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები