„აზიის განვითარების ბანკმა“ საქართველოს კოვიდ-19-თან გამკლავებაში დასახმარებლად 2.5 მილიონ დოლარიანი გრანტი დაუმტკიცა.
დახმარება გამოყენებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გასაზრდელად, პირადი დამცავი და ზოგადი სამედიცინო აღჭურვილობით მოსამარაგებლად.
“საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეებში კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდის,” – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. მისივე თქმით, გრანტი საქართველოს დაეხმარება საპასუხო ქმედებების განხორციელებაში .
გრანტი ADB-ის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19-ის უარყოფითი შედეგების სამართავად. მაისში ADB-მ დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაავადების გავრცელების, ბიზნესზე მისი უარყოფითი გავლენის შერბილებისა და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებად. ოქტომბერში ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ADB-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, რეგიონული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ასევე გამოუყო გრანტი PCR ტესტის აპარატის შესაძენად.