LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლის მოყვანა მიფიქრია, თუმცა პრაქტიკაში არ განმიხორციელებია“ – ჯაბა კილაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

5
jabakiladze

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი ჯაბა კილაძე, რომელმაც საკუთარ კარიერასა და პანდემიის პერიოდზე ისაუბრა

როგორი იყო შენთვის პანდემიის პერიოდი?

იმან, რომ მე ტელევიზიაში ვმუშაობ, ამ პერიოდზე იმოქმედა, რომ უსაქმოდ არ ვიჯექი, სიგიჟეა, როდესაც ადამიანი უეცრად სახლში ჯდება. 90-იენი წლებში ისეთი გავიარეთ, რომ ჩვენი იმუნიტეტი მაღალია, მენტალურად ვერ გაგვტეხს ეს ყველაფერი. როდესაც გავიგე, რომ ჩინეთში დაიწყო ყველაფერი, დავიწყე თვალის მიდევნება, თავიდანვე დავინტერესდი, ამიტომ პანდემია ჩემთვის შოკი და მოულოდნელობა არ ყოფილა. კომენდანტის საათის შესახებ პირველად რომ გავიგე, ალბათ 10 წლის ვიქნებოდი. დღეს ერთადერთი გამოსავალი არის აცრა. საზღვარგარეთ  უკვე მეორე პლანზეა გადასული ეს ყველაფერი, ჩვენ ცოტა მეტად გვმართებს პასუხისმგებლობა. მოსაწყენად არ გვეცალა სახლში, ცალკე დედა, მამა, კატები… და გვქონდა მთელი ამბავი.

როგორც ვიცი, თეატრში სეზონი გაიხსნა, რა ემოცია გქონდა ამდენი ხნის შემდეგ?

აპრილში გავიხსენით, ეს იყო წელიწად ნახევრის შემდეგ, ყველას გული გვქონდა აჩქარებული, რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი პროფესია დავიწყებადია.

ეს ბოლო პერიოდი კინოში აღარ ჩანხარ, რა არის ამის მიზეზი?

ეს ბევრი ფაქტორით აიხსნება, ზოგადად ჩვენთან კინოინდუსტრია არ არსებობს, ამას დიდი თანხები სჭირდება, შემდეგ საჭიროა ბაზარი, რომელიც არ არსებობს.

როგორ ფიქრობ, ჯაბა კილაძე, როგორც მსახიობი საიდან უფრო გაგიცნო საზოგადოებამ?

საქართველო ისედაც პატარაა, არ არის აუცილებელი მსახიობი იყო, შეიძლება უბრალოდ შენს სფეროში იყო წარმატებული. პატარა ხმა უნდა გავარდეს, სულ ასე იყო, მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტი არ არსებობდა. უფრო მასიურ პოპულარიზაციაზე, ბუნებრივია ტელევიზია მოქმედებს.  თეატრში მაინც, გინდა არ გინდა უნდა მიხვიდე შენი ფეხით. ამიტომ აქედან გამომდინარე ტელევიზიამ მოიტანა უფრო მეტი ცნობადობა, სერიალმა „შუა ქალაქში“ სხვა სითბო შემოიტანა.

როგორი მამაა ჯაბა?

ცოტა სუბიექტური კითხვაა, შენ ყოველთვის გინდა იყო კარგი მამა, მაგრამ რაში გამოიხატება კარგი მამობა, სწორედ ესაა მთავარი საკითხი. მე ძალიან ვცდილობ, ჩემს შვილთან ვიყო სწორი, ჯერჯერობით კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მალე ის 16 წლის გახდება, ძალიან კარგი და პროგრესული ბავშვია, ზოგადად, ძალიან კარგი თაობაა, მომწონს რა მოსწონთ, რა უყვართ, როგორ იცვამენ, რა პროტესტები აქვთ, მათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ რომ ამ ქვეყანას მართლაც ეშველება.

ჯაბა, ძალიან ცნობილი მეუღლე გყავდა, თამთა ჭელიძე, მას შემდეგ თუ დაოჯახებულხარ?

არა არ დავოჯახებულვარ, ფიქრით მიფიქრია, თუმცა პრაქტიკაში არ განმიხორციელებია.

ახალი პროფესია გაქვს ტელე-წამყვანობას ვგულისხმობ..

უკვე წელიწადზე მეტია ახალ გუნდში ვარ, ეს ძალიან კარგი გუნდია, ძალიან მიყვარს ტელევიზია.

ჯაბა, ზოგადად ხშირად აკეთებ ხოლმე პოლიტიკურ განცხადებებს, ძალიან ჩახედული ხარ პოლიტიკაში?

არ მინდა ვინმემ რომელიმე პარტიას მიმაკუთვნოს, მე ვარ ჩემი ქვეყნის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. იმ კონკრეტულ მომენტებში ვიღაცა ვიღაცაზე უკეთესია და შეიძლება სწორედ  ამიტომ აკეთებდე კონკრეტულ არჩევანს. 1989 წლიდან დაწყებული ძალიან ბევრი პროცესის თანამონაწილე ვარ. ჩემს თავზე მაქვს გადატანილი ყველაფერი. დაუსრულებელი მიტინგები, ქაოსი და ა.შ.  ჩემს ფინანსურ მდგომარეობას არც მაშინ დატყობია რამე და არც ახლა.

მშობლები რამდენად ხშირად გაკრიტიკებენ შენ და შენს როლებს?

იცი რა არის, ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ სამივე პროფესიონალები ვართ და კრიტიკაზე არ არის საუბარი, ჩვენ უფრო სხვანაირი მსჯელობა გვაქვს ხოლმე.

მსოფლიო მასშტაბის რომელ მსახიობთან ითამაშებდი დიდი სიამოვნებით?

სხვათა შორის კუმირი არასდროს არ მყოლია, არც მსახიობი, არც მომღერალი, არ მიყვარს კუმირების შექმნა. აი მაგალითად მელ გიბსონთან ვითამაშებდი. ჩვენ ზოგადად ძალიან მაღალი დონის თეატრალური დონე გვაქვს,  გვყავდა სერგო ზაქარიაძე, მისი  თამაშის ხარისხი არის უმაღლესი, ამბობენ, რომ კოპოლას სურდა მისი მიწვევა.

ახალი სეზონი გაიხსნა და რა სიახლეებს სთავაზობთ მაყურებელს?

ჯერჯერობით ისევ ყველაფერი რეგულაციებით არის. დარბაზში თითო მაყურებლის გამოტოვებით სხედან, რაც მაყურებელს ფაქტობრივად ანახევრებს. დიდი იმედი გვაქვს მოიმატებს მაყურებელი. გვექნება საინტერესო სპექტაკლები, თავისუფალი თეატრიც და მარჯანიშვილიც გეგმავს ახალ სპექტაკლებს. ამ კუთხით აქტივობა არ მოგაკლდებათ, მთავარია ჩვენ ყველა ვიყოთ ჯანმრთელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები