აკაკი ვასაძე მისი დიდი ბაბუა იყო, მარინა თბილელი – დიდი ბებია. ბაია დვალიშვილი მისი ბებიაა. სამსახიობო ოჯახში გაზრდილმა ანკა ვასაძემ თავადაც თეატრისკენ მიმავალი გზა აირჩია და ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ ბევრ სპექტაკლშია დაკავებული.
როგორც თავად გვითხრა, ჯერ ინტერვიუებს მიჩვეული არ არის… ყველა როლს არ თანხმდება, არ სურს, ისეთი როლი შეასრულოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში „მიეწებება“. თეატრში თავს ძალიან კარგად გრძნობს და ბევრ შეთავაზებაზე მის გარეთ არ თანხმდება.
ანკას „თბილისი მარიოტში“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.
რამდენად ადვილია საქართველოში ახალგაზრდა მსახიობისთვის თავის დამკვიდრება? და ეთანხმები თუ არა მოსაზრებას, რომ პოპულარობის მოპოვება ტელეროლით უფრო შესაძლებელია?
ანკა ვასაძე:
ვიღაცისთვის ადვილია, ვიღაცისთვის – არა. გარდა ნიჭისა და შრომისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამართლებას, თავიდან ვის ჯგუფში მოხვდები თეატრალურ უნივერსიტეტში, შემდეგ სად გადაინაცვლებ, რა როლი შეგხვდება. გამართლებასთან ერთად კეთილი ადამიანების გვერდში დადგომაც მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ტელევიზიას, ყოველთვის ვებრძოდი ამას. არა იმიტომ, რომ მსახიობი იშტამპება და სხვა როლს ვეღარ ასრულებს, მაყურებელი რომ დიდხანს უყურებს ერთ როლში მსახიობს, თეატრში მისულიც ვეღარ აღიქვამს სხვა პერსონაჟად. სერიალში „აისი“ ვთამაშობ, იმიტომ დავთანხმდი, რომ სახასიათო პერსონაჟი არ ყოფილა, არანაირი იარლიყი არ მომეკრობოდა. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო ეკრანთან მუშაობის კუთხით. დღემდე ინტერვიუზეც ძალიან ვნერვიულობ, როცა კამერა ირთვება. არ მაქვს შეცდომის უფლება.
მოკლედ, ჯერ უფრო მეტად თეატრისკენ ხარ გადახრილი…
დიახ, კინოში მუშაობის გამოცდილება ჯერ არ მქონია. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს.
სერიალიდან რომ გქონდეს შეთავაზება, აირიდებ თავიდან, თუკი როლი არ მოგეწონება?
ამირიდებია ბევრჯერ (იღიმის). როცა წინასწარ ვიცი, რომ როლი არ მინდა, კასტინგზეც არ მივსულვარ. ზოგჯერ მივსულვარ, რადგან არ ვიცოდი, როგორი როლი იყო და მაინტერესებდა. ჩვენ ხომ ასეთ პროექტებს ზოგ შემთხვევაში ანაზღაურების გამო ვთანხმდებით. არც ანაზღაურება იყო ისეთი, რომ ამის გამო დავთანხმებოდი, როლიც არ იყო საინტერესო.
მარჯანიშვილის თეატრი შენი მეორე სახლია?
მგონი, პირველიც, რადგან უმეტეს დროს იქ ვატარებ და ჩემი შვილიც დამყავს. საბედნიეროდ, ბევრ სპექტაკლში ვარ დაკავებული. ყველა მსახიობი ამბობს, თეატრი ჩემი სახლიაო. ეს სხვა სივრცეა, სადაც კოლეგები, მომუშავე პერსონალი ძალიან მეგობრულია, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მისვლის დღიდან ვიგრძენი ასეთი დამოკიდებულება და ბედნიერი ვარ, რომ ამ თეატრში მოვხვდი. იდეალური გარემოა ჩემთვის და არა იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს იცნობდნენ. ყველას ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვს…
საქართველოში ხშირია, როცა მსახიობი მამის შვილი თავად მსახიობი ხდება. რატომ ხდება ასეა. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა?
ჩემი დიდი ბაბუა იყო აკაკი ვასაძე, დიდი ბებია – მარინა თბილელი. შესაბამისად, ბაია დვალიშვილი გამოდის ჩემი ბებია (იღიმის). მამაჩემსაც თეატრალური აქვს დამთავრებული, ბიძაჩემი რეჟისორია, მამიდაჩემი – თეატრმცოდნე გახლავთ. ძალიან თეატრალურ გარემოში გავიზარდე. როცა მე დავიბადე, მამამ ამ პროფესიას ძალიან მალე დაანება თავი. 90-იან წლებში მსახიობობა არც ისე ადვილი იყო. გავიზარდე თეატრალურ სარდაფში, მაგრამ ეს იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ გვერდზე კლუბი იყო მამაჩემის, ბიძაჩემისა და მამიდაჩემის. სულ მინდოდა მსახიობობა. ამბობდნენ, მარინას ჰგავს და ეს მსახიობი იქნებაო. ბავშვობაში, როგორც ყველა, მეც ვთამაშობდი სარკის წინ, ვაწყობდი კონცერტებსა და წარმოდგენებს. ჩემები თეატრალურში ჩაბარების წინააღმდეგი იყო. დედასაც არ უნდოდა, მაგრამ ჩემი სურვილი ძალიან დიდი იყო… მსახიობობა ყველა ქვეყანაში ძალიან რთულია, მით უმეტეს, საქართველოში. შესაბამისი ანაზღაურება არ არის, არც ის დრო, როცა ხალხი თეატრით ცხოვრობდა და 15-ჯერ დადიოდა თითო სპექტაკლზე… ბევრი ისეთი შემთხვევაც ვიცი, როცა მსახიობების ოჯახში გაზრდილები კატეგორიული წინააღმდეგი არიან, ამ პროფესიას გაჰყვნენ. ალბათ, ეს იმის გამო ხდება, რომ მსახიობობა დიდ დროს მოითხოვს და მათ შვილებს პროტესტი უჩნდებათ… მეორე მხრივ, როცა თეატრის კულისებში აღმოჩნდები, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა მიგიზიდოს ამ სივრცემ. ბუნებრივია, რომ ადამიანები, რომლებიც კულისებში გაიზარდნენ, მსახიობობას ირჩევენ.
მსახიობებს ხშირად არეული პირადი ცხოვრება აქვთ…
ვერ ვიტყოდი (იღიმის), ჩემ გარშემო ძალიან დალაგებული ურთიერთობები აქვთ. შესაძლოა, ოჯახის შენარჩუნება რთულია, როცა დღის განმავლობაში ორი რეპეტიცია და მერე სპექტაკლია. ჩემს ქმარსაც ჰქონია პროტესტი, რა არის ამდენი ხანი თეატრში ყოფნაო, მაგრამ უკვე რვა წელია ერთად ვართ, ამ სფეროთი მოიხიბლა და სიამოვნებით დადის არა მხოლოდ ჩემს სპექტაკლებზე. გასტროლზეც წამოგვყოლია ბევრჯერ, მეგობრობს ჩემს კოლეგებთან, რეჟისორებთან და ეს ძალიან მიხარია.
არასდროს უეჭვიანია, მაგალითად, თაყვანისმცემლის კომპლიმენტზე?
რაღაც ზედმეტს თუ მომწერენ, რასაკვირველია, აქვს რეაქცია. თუკი პროფესიას შეეხება – არა. თავიდან უფრო ეჭვიანობდა, რადგან თეატრში არავის იცნობდა. რაც გაიცნო, მას შემდეგ არ უეჭვიანია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, საკმაოდ ეჭვიანია (იღიმის). არ ვიცი, ინტიმური სცენა რომ მქონდეს, რას იტყოდა, მაგრამ თეატრს ძალიან არ უხდება მსგავსი სცენები…
არ მიიღებდი მონაწილეობას, ვთქვათ, კინოში?
აქ (იღიმის)? ბევრი ისეთი მსახიობია, რომელსაც არ ერიდება ასეთ სცენებში მონაწილეობა, პირიქით, უნდა, ამით დაიმკვიდროს თავი ან კომპლექსი არ აქვთ. არ ვიცი, რისი ბრალია, რეჟისორების თუ მსახიობების, მაგრამ მაინც არ გამოდის ინტიმური სცენები ქართულ კინოში… ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ საყოველთაო აზრია. მე ინტიმური სცენა, რომელიც ესთეტიკურად გადაუღიათ, არ მინახავს… თეატრშიც არ გადამიდგამს თამამი ნაბიჯი, აქამდე რაც შემოუთავაზებიათ, კომპლექსი არ მქონია.
შენიშვნებსა და კრიტიკას, ალბათ, პირველ რიგში, ოჯახის წევრებისგან იღებ…
ყველაზე მეტად მაინტერესებს მამიდაჩემის აზრი, რადგან ის თეატრმცდონეა. თანაც, კეთილი თეატრმცოდნე (იღიმის). სპექტაკლზე იმისთვის მიდის, რომ დადებითი დაინახოს. თეატრის კრიტიკოსი მაინცდამაინც კრიტიკის დაწერას არ ნიშნავს, ანალიზი უნდა დაწერო. მამიდაჩემი, ჩემი აზრით, ძალიან ობიექტურია. დედ-მამისგანაც მიმიღია შენიშვნები და გამითვალისწინებია. მიხარია, როცა კრიტიკას ვისმენ. „გილოცავ, რა კარგი იყავი“-ზე მეტად ეს მაინტერესებს.
თეატრში ინტრიგებს არ შეხვედრიხარ, თუ შენი ოჯახის საბურველი გიცავს?
პირიქით, ეს ვერანაირად ვერ დაგიფარავს. არათუ მე არ მქონია ასეთი შემთხვევა, ჩემ გარშემო არავის. ჩვენს თაობაში ეს უკვე სირცხვილია. კოლეგებს შორის დაპირისპირება, რაც ადრინდელ ამბებზე მსმენია, რაც ბაბუაჩემს გადახდენია, დღევანდელ დღეს უკვე მიუღებელია. ინტრიგა ყველგან არის, ნებისმიერ სამსახურში, თუნდაც ბიბლიოთეკაში… საბედნიეროდ, მე არ შემხებია და იმედია, არც შემეხება. არ არის ამის დრო. უნდა იმუშაო და შენი საქმე გააკეთო. ასეთი ნაბიჯებით წინ ნამდვილად ვერ წახვალ.
უხერხული შემთხვევები სცენაზე…
უამრავი (იღიმის), ერთი ისეთია, ვერ მოვყვები. ახლაც მაქვს ფეხებზე ნაიარევები. სულ ისე ვვარდები, რომ სისხლი პირდაპირ სცენაზე მომდის ხოლმე. პირველივე სპექტაკლზე შემემთხვა ასეთი ამბავი და როგორც ჩანს, დამებედა. ერთხელ ფეხსაცმლის ქუსლი ფეხში ჩამერჭო და სისხლი მდიოდაი. ვიცი, საშინელებას ვყვები (იღიმის). ბოლოს სპექტაკლი ისე დავამთავრე, რომ არაფერი დამემართა, თავის დასაკრავად რომ გამოვედი, მაშინ ავყირავდი (იცინის).
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია