LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა

125
00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა.

ვიდეორგოლის „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ პრეზენტაცია თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მიმართა. მინისტრის განცხადებით, CNN-ის ეთერში ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის განთავსება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოსაჩენად.

ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია CNN-თან მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წარმომადგენლები შედიოდნენ.

ვიდეორგოლის, რომლის  ხანგრძლივობა 30 წამია, მთავარი გზავნილი ქართული ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიციის წარმოჩენაა. ვიდეორგოლი საქართველოში მომზადდა, გადაღებები სექტემბერში მიმდინარეობდა.

ვიდეორგოლს ერთი თვის განმავლობაში ათეულ მილიონობით ადამიანი ნახავს. ის დღეში 6-ჯერ CNN international-ზე განთავსდება. არხი მსოფლიოს 200 ქვეყანაში მაუწყებლობს. ვიდეორგოლი დღეში 3-ჯერ გაეშვება CNN North America-ის ეთერშიც.

CNN-თან თანამშრომლობა ასევე მოიცავს  ონლაინ კამპანიას, რაც ერთი თვის განმავლობაში CNN-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართული ღვინის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები