ცოტა ხნის წინ ფრედი მერკურის შესახებ ახალი წიგნი, „ფრედი მერკური: ცხოვრება მისი სიტყვებით“ გამოიცა, რომელიც აქამდე გამოცემულ წიგნებს შორის ყველაზე ახლოსაა ლეგენდარული მუსიკოსის ავტობიოგრაფიასთან. წიგნში მოყვანილია მერკურის ფრაზები და შეხედულებები საკუთარ თავზე, შემოქმედებასა და ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული შემსრულებელი საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობდა, წიგნის გამოცემა მაინც მოხერხდა ჯგუფის მეარქივეების, ფრედის მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით. წიგნში ფრედი მერკურის თვალით დანახული მისი ექსტრაორდინალური ცხოვრება და შეხედულებებია გადმოცემული.
ერთ-ერთ მოგონებაში ფრედი საუბრობს ყველაზე ძვირფას საჩუქარზე, რაც კი ოდესმე მიუღია.
„ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ მდიდარი ხარ, ვერაფერს გაჩუქებენ. შენ ხომ ისედაც ყველაფერი გაქვს. რამ შეიძლება გაგახაროს? არადა სინამდვილეში ჩვენც, ისევე როგორც ყველას გვახარებს პატარა საჩუქრები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებენ. შეიძლება მათი ღირებულება სხვებისთვის დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის შეუფასებელია.
ჩემი აზრით, ასეთი საჩუქრების ჩუქება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც მართლა ვუყვარვართ და იმდენად კარგად გვიცნობენ და ზრუნავენ ჩვენზე, რომ ზუსტად იციან, რა გაგვახარებს.
ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მერისგან მივიღე. (მერი ოსტინი, ფრედი მერკურის ცხოვრების სიყვარული) მან ჩემს დაბადების დღეზე გამოცემული გაზეთი მაჩუქა. „თაიმსი“ ,რომელიც 1946 წლის 5 სექტემბერს გამოიცა. მოგვიანებით 1846 წლის გამოცემითაც დამასაჩუქრა.
„შეგიძლია წაიკითხო, ძვირფასო. წაიკითხე, სანამ ტახტზე ხარ.“- მითხრა მერიმ. მე კი მაშინ ვკითხულობ ამ გაზეთებს, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ. ეს ჩემთვის ცხოვრებაში მიღებული უძვირფასესი საჩუქარია. პატარა დეტალი, ნიუანსი, სხვისთვის უმნიშვნელო, ჩემთვის კი ყველაზე ღირებული.” – აღნიშნავს მერკური.
აღსანიშნავია, რომ ფრედი ცნობილი იყო თავისი ახლობლების დასაჩუქრების სიყვარულით. მას ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი : ,,შეიძლება ბედნიერება ფულით ვერ იყიდო, მაგრამ სრულიად შესაძლებელია მისი მინიჭება.“
„ფრედი მერკური: ცხოვრება მისი სიტყვებით“ 2019 წლის 5 სექტემბერს გამოიცა. მისი შეძენა ამაზონზე 12 დოლარადაა შესაძლებელი.