LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხინვალში ქართველები ტყვეობაში არიან” – პოლიტიკურ თამაშებს, მოსახლეობა ეწირება

cxinvali okupacia

ოკუპირებულ რეგიონებში სერიოზული პრობლემებია. აფხაზეთის დაკეტილი ე.წ. საზღვარი ხალხის დაპანიკების შემდეგ, როგორც იქნა გაიხსნა, თუმცა ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეები ბარიერების მოხსნას არ ჩქარობენ, იმის მიუხედავად, რომ რეგიონში ვითარება თანდათან რთულდება.

ოფიციალურ ვერსიებს ვალიდურობა უკვე გაუვიდა, არც “ღორის გრიპი” და არც დიდთოვლობა პრობლემას არ წარმოადგენს (როგორც ექსპრტები და ადგილობრივები ამბობენ, არც აქამდე წარმოადგენდა), თუმცა ვითარება არ იცვლება.

ადგილობრივების ინფორმაციით, სურსათი და მედიკამენტები გაძვირდა, პროდუქტების დეფიციტია. რაც მთავარია, ცუდად გახდომის ეშინიათ, რადგან ე.წ. საზღვარზე არ უშვებენ. შეზღუდვები მხოლოდ ქართული პასპორტის მქონე პირებზე ვრცელდება, ეთნიკურად ოსები კი ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას მარტივად ახერხებენ – პროდუქტების შესაძენად თუ პირადი მიზნებისთვის.

როგორც „ფორტუნას“ ერთერთმა ადგილობრივმა ქართველმა განუცხადა, ისედაც უმოძრაო ქალაქში, ამ შეზღუდვების გამო, კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა იგრძნობა.

„აქ ისედაც ძალიან რთული ვითარებაა. რეალურად ახალი არაფერი ხდება, არც შიმშილობის ზღვარზე ვართ, თუმცა საკვებზე ფასებმა მოიმატა, გარკვეული პროდუქტები დეფიციტშია და ამიტომ. პროდუქტები მაინც შემოაქვთ, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოვდივართ, გამკაცრებულია საზღვრის კონტროლი ჩვენთვის. ვერაფერს ვუკავშირებთ, რას შეიძლება ეხებოდეს ეს შეზღუდვები, რა თქმა უნდა, არც არაფერს გვეუბნებიან,“ – აცხადებს ქალბატონი „ფორტუნასთან“ საუბარში. მას ვინაობის გამხელა არ სურს, ისევე როგორც სხვებს.

ოკუპირებულ რეგიონებში, პრესასთან საუბარი ისჯება – ამას მათ პირდაპირ არავინ მიუთითებს, თუმცა იციან, რომ გაკეთებული კომენტარის გამო შესაძლოა, ისედაც მწირი შემოსავალი დაკარგონ და პრობლემები შეექმნათ.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ადგილობრივების მსგავსად, ე.წ. საზღვრების ჩაკეტვას კონკრეტულად ისიც ვერაფერს უკავშირებს. მისი თქმით, პასუხი ამ კითხვაზე არავის აქვს.

„სამხედროებს, რომლებიც კეტავენ ამ „საზღვრებს“, ადგილობრივი ჩინოსნის კითხვაზე, რატომ დაწესდა და გრძელდება ეს შეზღუდვები, ასეთი პასუხი აქვთ: чёрт его знает! იმას კი არ ამბობენ, რომ ასეთი ბრძანებაა.

მას შემდეგ, რაც როკის გვირაბიდან გაიხსნა გზა და აქეთ მხრიდან არ იხსნება, ახლა ამბობენ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები უნდა დაწესდეს და ამას ელოდებიან.

მაქვს ასეთი განცდა, რომ ვიღაცამ მოსკოვიდან გასცა ჩაკეტვის ბრძანება და შემდეგ დაავიწყდა, რომ უნდა გაეხსნა,“ – ამბობს არეშიძე.

კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც ეთნიკურად ოსია, ადასტურებს, რომ გარკვეული პროდუქტების დეფიციტი ქალაქში იგრძნობა, თუმცა მისი აზრით, ეს არც საგანგაშოა და არც დიდად შესამჩნევი. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ცხინვალი შიმშილობს, სრული დეზინფორმაციაა. რაც შეეხება ფასებს, მისი ზრდა არ შეუნიშნავს.

“ახლა საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტილია, მიზეზად გრიპის ეპიდემიას ასახელებენ. ჩვენთან ეს გრიპი არ არის. რაც შეეხება პროდუქტების ნაკლებობას, ეს უბრალოდ სასაცილოა. იქ ცხოვრობს ხალხი, რომელმაც 20 წლიანი ომი გადაიტანა. მათ შეუძლიათ საერთოდ არ ჭამონ ერთი კვირის განმავლობაში. იცით როგორი სიტუაციაა, შეიძლება კეფირის ნაკლებობა იყოს, მაგრამ რძე საკმარისი იყოს, არ იყოს წითელი ღვინო, მაგრამ თეთრი ღვინო იყიდებოდეს. ანუ, ეს პრობლემა არ არის. არ შემიმჩნევია არც ფასების მატება.

ოსების ძალიან დიდი ნაწილისთვის საზღვრის დაკეტვა პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ მათ უფრო დიდი გზის გავლა უწევთ ვლადიკავკაზიდან, რომ საკუთარი ნათესავები ნახონ საქართველოში. ამ უსიამოვნო სიტუაციას ხელისუფლებები ქმნიან.

ჩვენი ხელისუფლება ქმნის ამ პრობლემას -„საქართველო ჩვენ არ გვაღიარებს, ამიტომ დავკეტოთ საზღვარი,“ – ამბობენ ისინი და რთულია შეეკამათო. ჩემი აზრით, ეს აღიარება-არაღიარების საკითხი გვერდით უნდა გადაიდოს და ხელისუფლებებმა ხალხზე უნდა იფიქრონ,“ – ამბობს ის „ფორტუნასთან“ და გამოსავალს ისევ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დათმობაში ხედავს.

„კი ბატონო არ ვაღიაროთ, მაგრამ მივცეთ საშუალება ხალხს, ერთმანეთთან ნორმალურად იარონ. ამაში საქართველოსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება, მაგალითად ნორმალური გამშვები პუნქტები მოაწყონ და დაარქვან გასასვლელი და არა ე.წ. საზღვარი,“ – ამბობს ის.

ქეთევან ციხელაშვილის უწყებაში ასევე ადასტურებენ, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ცხინვალში მძიმე ვითარებაა.

„ცხინვალში აღინიშნება საკვების და მედიკამენტების ნაკლებობა. ყოველდღიურ რეჟიმში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს ე.წ. ჩაკეტილი გადასასვლელი გაიხსნას და ასევე ვცდილობთ, რომ დახმარება გავუწიოთ მოსახლეობას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან,“ – აღნიშნავენ უწყებაში „ფორტუნასთან“.

თავად მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობა ტყვეობაშია. ქეთევან ციხელაშვილი მიმართავს დე ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ეს ქმედებები არაფრით არ არის გამართლებული.

“უკანონო ობიექტები, რომლებიც განლაგებულია, ვიცით, რომ ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს. თითქმის ერთი თვეა მოსახლეობა ტყვეობაშია. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა დე ფაქტო ხელისუფლებას – რაც ხდება, სრულიად დაუშვებელია. არაფრით არ არის გამართლებული ადამიანების მძევლად აყვანა და გადაადგილების შეზღუდვა,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა დღეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ ოკუპანტებმა საქართველოს მიერ ამ დრომდე კონტროლირებადი ტერიტორიების მიტაცება დაიწყეს. 

ცხინვალში ქართული მიწების მიერთების საკითხს განიხილავენ - ამჯერად რისი მიტაცების გეგმა აქვთ ოკუპანტებს

ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. შედეგებს მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად გაიტანენ. მსჯელობის თემა კი ასეთია: როგორ მოხვდა, როგორც თავად აცხადებენ, ე.წ. ოსური მიწები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

ქაცარავას ინფორმაციით, ახლა ოკუპანტები ჩორჩანას ტყის მიტაცებას აპირებენ, რომელიც არასდროს ყოფილა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

„ამის მიუხედავად, ორკები გეგმავენ ამ უზარმაზარი ტყის მასივის ოკუპაციას.

ჩვენ დავიწყეთ ჩორჩანა-წნელისი-წაღვლის მიმდებარე ტყეებში პატრულირება და რუსი ოკუპანტების მიერ გაკეთებული 23 ნიშნული აღმოვაჩინეთ. 2 კვირის წინ კი, ოკუპანტებმა შუაგულ, ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტყეში კოდელი მონადირე დააკავეს, გააფრთხილეს, რომ არც კი გაებედა მეორედ ამ ტყეში შემოსვლა და გამოუშვეს ამბის მოსატანად…

ორკები უკვე ისე მოძრაობენ ჩვენს ტყეებში, თითქოს ეს ტყეები უკვე მათი ყოფილიყოს.

ჩვენ ვეძებთ დამატებით მტკიცებულებებს და პარალელურად, ვპატრულირებთ ჩორჩანას ტყეებში.

დღეს ჩვენი შესვლა საპატრულოდ შეფერხდა პოლიციის მიერ, მიზეზი კი, ჩვენი უსაფრთხოება დასახელდა.

ეს კი, დამეთანხმეთ, დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩორჩანას ტყის ოკუპაციის რისკი გაზრდილია. ჩვენი ვარაუდი გასცდა ვარაუდის ფარგლებს და ჩვენდა სამწუხაროდ, მყარდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2 კვირის წინანდელი კოდელი მონადირის “გაფრთხილება”, შემთხვევითი არ იყო.

დღეს, პოლიციასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მაინც შევედით ჩორჩანას ტყეში, მაგრამ ძვირფასი დრო დაკარგული იყო. ჩვენ ვერ შევძელით დაგეგმილი პერიმეტრის პატრულირება და როგორც შედეგი, დღეს ვერ მოვახერხეთ იმ ნიშნულების პოვნა, რომლებიც ორკების გეგმის გამოაშკარავებაში დაგვეხმარებოდა.

ფაქტი კი ჯიუტია, ჩორჩანას უზარმაზარი ტყე ოკუპაციის რისკის ქვეშ არის, იქ უკვე რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან,“ – აცხადებს დავით ქაცარავა.

რამდენად უკავშირდება ეს ინფორმაცია, ე.წ. საზღვრების ჩაკეტვას და ვითარების ხელოვნურად დაძაბვას, არავინ იცის. არც ის ვიცით, რეალურია თუ არა საფრთხე…

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიტაცების გეგმას უკავშირდებოდეს ე.წ. საზღვრების ჩაკეტვა, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ვარაუდის დონეზე ამ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელია, თუმცა რეალობის გარკვევა – შეუძლებელი.

ექსპერტის განცხადებით, რაც არ უნდა ხდებოდეს, ამ დროს საქართველომ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და მოსახლეობას განუმარტოს, რა საფრთხესთან ან მოვლენასთან აქვთ საქმე.

„ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა. ვთვლი, რომ ხელისულფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. ამის წაყრუება არ შეიძლება. ხალხი შეშფოთებულია.

ჩემთვის გაუგებარია საქართველოს შესაბამისი უწყებების დუმილი ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ არაღიარებულ ხელისუფლებას რაიმე ჰქონდეს გადაწყვეტილი, ამასთან დაკავშირებითაც არაა რეგიონში ინფორმაცია.

ეს არის ძალის დემონსტრირება, საქართველოს ხელისუფლების სისუსტეზე ხაზგასმა თუ რა, ვერ გეტყვით…“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

რაც უნდა ხდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჭორები ვრცელდება თუ სიმართლე, ხალხი ვალდებულია იცოდეს, რა ელის, რადგან ამ ფაქტის წინაშე დადგომა არავის უნდა. არც ე.წ. საზღვრებთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას და არც სხვებს…

ეს არარსებული საზღვრები მალე გაიხსნება, თუმცა პრობლემა არა საზღვრები, არამედ მისი ჩაკეტვის მიზეზია – ცხინვალის მხრიდან სახელმწიფოებრიობანას თამაშს მოსახლეობა უმიზეზოდ ეწირება და ჩვენთან ძალიან ახლოს, ჩვენივე მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე ნაბიჯებს უთვლიან.