LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალში ქართული მიწების მიერთების საკითხს განიხილავენ – ამჯერად რისი მიტაცების გეგმა აქვთ ოკუპანტებს

9BCEF319-8FD5-4A35-97A8-CB8294B36FCE_w1023_r1_s

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში დიდი განხილვები მალე დაიწყება. მსჯელობის თემა კი ასეთია: როგორ მოხვდა, როგორც თავად აცხადებენ, ე.წ. ოსური მიწები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. შედეგებს მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად გაიტანენ.

„მუშაობა ჩვენ წლის ბოლოს დავასრულეთ, ახლა ვამზადებთ ანგარიშს, რომელსაც პარლამენტის სესიაზე გავიტანთ. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განსახილველად პარლამენტი ცალკე სესიას შეკრებს. ახლა, როცა სახელმწიფო საზღვრის გავლება და დამონტაჟება დაიწყო, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა. ყველამ იცის, რომ ზოგიერთ სოფელში ჩვენი მოქალაქეების სახლები სამხრეთ ოსეთის საზღვრების გარეთ დარჩა, მაშინ როცა, ამ სახლებში ხალხი მთელი ცხოვრებაა ცხოვრობს და მათ დოკუმენტაციაც გააჩნიათ,“ – განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერმა რუსლან თედეევმა.

კომისია 2018 წლის ივნისში შეიქმნა. მიზეზად, ზნაურის რაიონში მდებარე, წნელისის ხეობის მოსახლეობის მიმართვა დასახელდა. ოსური მედია დღემდე წერს, რომ ადგილობრივები აღშთოფებული არიან დემარკაციის შედეგად, სოფელ წნელისის ნაწილის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრებს“ მიღმა დარჩენით.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოკუპანტებს ახალი მიწების მიტაცება სურთ? ვარაუდი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა, ახალი მავთულხლართები გაჩნდეს, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ უფრო გააღრმავა. მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, სოფელ წნელისთან, ტყეში ოკუპანტებმა გზა უკვე გაიყვანეს და ხეები ყვითელი საღებავით მონიშნეს, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ქართული სოფლები რამდენიმე ათეულ ჰექტარ მიწას კიდევ დაკარგავენ.

“საუბარია ხაშურის რაიონის მიწების მიტაცებაზე, რომლებიც მდებარეობენ სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ და არასოდეს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ ყოფილა. რით არის საინტერესო ოსურ-რუსული მხარისთვის ეს მიწები? ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ძალიან მდიდარი ტალკის საბადო, რომელთა ე.წ. “დაბრუნებაზე”ოსურმა მხარემ საუბარი 2018 წლის ივნისში დაიწყო. ჩვენი მოძრაობა 2018 წლის 29 ივნისიდან გადავიდა 24 საათიან პატრულირებაზე, სოფელ აბანოსა და ჩორჩანაში. ორი დღის წინ ჩვენ ჩავატარეთ ექსპედიცია. ვიყავით სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოვიპოვეთ ინფორმაცია მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც ითვალისწინებს ხაშურის რაიონში მდებარე საბადოების მიტაცებას,“ –  “ფორტუნასთან” საუბარში განაცხადა დავით ქაცარავამ.

ის, რომ ქართული მიწები სწორედ ბუნებრივი რესურსების გამო იზიდავს ოკუპანტებს, ცხინვალის რეჟიმი არც მალავს. ეს საკითხი ინტერვიუებში რამდენჯერმე ახსენა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, პეტრე გასიევმა.

„მე ვნახე რუკები, სადაც ჩვენი ტერიტორიებია მონიშნული და იქ ნამდვილად უწესობა ხდება. ჩვენი ტერიტორიების სიმცირის გათვალისწინებით, თითოეულ კილომეტრს ჩვენთვის ოქროს ფასი აქვს. საქმე ასევე, ეხება სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს, რომლებიც „სასწაულებრივად“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, არც ძველი რუკებისა და დოკუმენტების მიხედვით, ეს ქართული ტერიტორია არ არის,“ – აღნიშნა გასიევმა.

იმაზე, რომ ქართული მიწები ოკუპანტებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ექსპერტებიც ლაპარაკობენ. მამუკა არეშიძის შეფასებით, კომისიის მუშაობა და ზოგადად, კომისიის შექმნის მიზეზები, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მორიგი პროვოკაციაა.

“რასაკვირველია, გარკვეული პროვოკაციის ნიშნები შეინიშნება ამ საკითხში. წნელისის მოსახლეობას მე ვიცნობ და წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ პრეტენზია განეცხადებინათ ამ მიწებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული სტრატეგიული სივრცის დაკავების სურვილია. პრინციპში ე.წ. სამხრეთ ოსური ნებისმიერი სტრუქტურა მოქმედებს რუსების კარნახით, როგორც ჩანს, ის სივრცე სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რუსებისთვის და ახლა ალაპარაკებენ ამ საწყლებს. ამიტომ, ეს პროცესი ხიფათის შემცველია. დღეს თუ არა ხვალ და ზეგ, რუსები აქტიურად დაიწყებენ ამ თემაზე საუბარს და დააბრალებენ ოსებს. ამ კომისიის ნამუშევარს რუსები სათავისოდ გამოიყენებენ, რაც იქ ხდება, ყველაფერი სახიფათოა. აფხაზეთისგან განსხვავებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღარ არის ე.წ. სახელმწიფო წარმონაქმნი, ოსურ ხელმძღვანელობას იმაზე ნაკლები უფლებები აქვს დღეს, ვიდრე ჰქონდა ავტონომიური ოლქის პირობებში. დღეს ეს არის რუსეთის დიდი სამხედრო ბაზა,“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დემარკაციის პროცესი 2009 წლიდან მიმდინარეობს. ქართული მხარე ამ პროცესს არ ცნობს და მასში ჩართული არ არის. ხელისუფლებისთვის უკანონოა ასევე, ე.წ. საზღვრის დადგენის კომისიაც და მათი მუშაობის შედეგებიც.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში განგვიცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ საკითხს ერგნეთის შეხვედრაზე განსახილველად გაიტანენ, მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ.

ოსური მედია წლების განმავლობაში წერდა, რომ თავის დროზე, ე.წ. საზღვარი 1984 წლის რუკის საფუძველზე გაავლეს, თუმცა წლების განმავლობაში მოცემულობა იცვლება. წიაღისეულით მდიდარ ოსურ ტერიტორიად ცხინვალის რეჟიმი ქარელის რაიონში მდებარე დოლომიტის მომპოვებელ კარიერსაც მიიჩნევს, ანუ საფრთხე აქაც არსებობს, იმისა რომ ეს კარიერიც და კოდა-აბანოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთიც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვრებში მოექცეს.