ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
პაციენტი გვიან ღამით, ცხინვალიდან თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის შესახებ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
„პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკული მდგომარეობით, არის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში. დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ.
ცნობისთვის, ოკუპანტური რეჟიმის უკანონო პატიმარი გენადი ბესტაევი გვიან ღამით ცხინვალიდან თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით გადმოიყვანეს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს 53 წლის მოქალაქის გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა.
რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მათივე ცნობით, შეწყალების გადაწყვეტილება მისი ავადმყოფობის გამო მიიღეს.