LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხელი კერძები, გარემონტებული საკანი – შსს-მ იზოლატორების “რებრენდინგი” დაიწყო

761

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორისთვის მზა საკვების მიწოდების უზრუნველყოფა მოხდება.

კერძოდ, ბათუმიდან და ქობულეთიდან დაიწყება დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების ცხელი საკვებით უზრუნველყოფა. ასევე გადაიხედება იზოლატორში მოთავსებულ პირთა კვების ნორმები.
დღეისთვის იზოლატორში მოთავსებული პირებისათვის ძირითადად მშრალი საკვებია ხელმისაწვდომი.

ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორში, სისხლის სამართლის დანაშაულზე დაკავებულ პირებთან ერთად აღარ მოთავსდებიან. ახალი გეგმის მიხედვით ორი ახალი დაწესებულებa მოეწყობა, სადაც მხოლოდ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირები მოათავსდებიან.

დასავლეთ საქართველოში ახალი დაწესებულების მშენებლობა სამტრედიაში, აღმოსავლეთ საქართველოში კი, თბილისშია დაგეგმილი.

სამინისტრომ ოთხ ქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლებაც დაიწყო. გეგმის თანახმად, თებერვლის ბოლოს კიდევ ერთი განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი ახალქალაქში გაიხსნება. გარდა ამისა, უკვე დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდება სარემონტო სამუშაოები: წალკის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, სამტრედიისა და ფოთის იზოლატორებში, რომლებიც განახლების შედეგად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში, ხოლო ზუგდიდსა და ახალციხეში ძველი იზოლატორები ახლით ჩანაცვლდება.

შსს-ს გეგმის თანახმად დაწყებულია მუშაობა ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე, 6 მსხვილ იზოლატორში ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, რის შემდეგაც ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება. დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოკამერების ჩანაწერის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა, რაც დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის სრულ პერიოდს მოიცავს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები