LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივილიზებული ადამიანი აბორტს არ უნდა იკეთებდეს: რატომ არ უნდა აიკრძალოს აბორტი

1013

დღეს არსებული რეგულაციით, თუ ქალი აბორტს გადაწყვეტს, აუცილებლად 12 კვირაზე ნაკლები ასაკის ორსული უნდა იყოს. ექიმთან ვიზიტის შემდეგ მას კიდევ 5 დღე აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მანამდე კი მედიკოსები ცდილობენ აუხსნან ნაყოფის მოცილების უარყოფითი ფაქტორები და შესაძლო გართულებები.

12 კვირის შემდეგ კი აბორტის გაკეთება მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში, სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, ექიმის დანიშნულებით არის დასაშვები, რასაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება არეგულირებს.

„14 კვირის ორსული ვიყავი, რომ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, მშობიარობა ხელოვნურად გამოიწვიეს, რაც ფაქტობრივად აბორტის ტოლფასია. 12 კვირაზე გეგმიური კვლევისას გავიგე, რომ ნაყოფი არასრულფასოვნად ვითარდებოდა და ჩემი ჯანმრთელობისთვისაც  საფრთხეს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადაზე აბორტი აკრძალულია, ვინაიდან განსაკუთრებული ჩვენება მქონდა, დღეები წყვეტდა ყველაფერს, ექიმის დასკვნის საფუძველზე ნაყოფი მომაცილეს. გარდა სულიერი ტკივილისა, ფიზიკური ტკივილი ძნელია სიტყვებით აღწერო. არავის არ ვკიცხავ, მაგრამ ძალიან მიკვირს, ამას ქალები ნებით როგორ აკეთებენ, რა ძალა აკეთებინებს?“ – „ფორტუნასთან“ საუბრისას 28 წლის ელენემ თავისი ისტორია გაიხსენა.

 

დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოგრაფიული საზოგადოება 21“, ორსულობის ყველა ვადაზე აბორტის სრულად აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

ინიციატივას კრიტიკოსები მალევე გამოუჩნდნენ, როგორც კოლეგა არასამთვრობო ორგანიზაციებში, ასევე კანონმდებლებში.

„აბორტის სრულად აკრძალვამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ და არა რადიკალური ზომებით“ – ამ არგუმენტით ეწინააღმდეგება „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” ხელმძღვანელი აბორტის სრულად აკრძალვას.

როგორც თამარ ჩიბურდანიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, აბორტის სრულად აკრძალვამდე, სახელმწიფომ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, ამ მხრივ განათლების მიცემასა და პრევენციის შესახებ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიაზე უნდა იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები მიწისქვეშ გადაინაცვლებს ან გაიზრდება მედიკამენტოზური აბორტების რიცხვი.

მედიკამენტოზური აბორტის გაკეთება კი შეიძლება დასრულდეს ქალის ორგანიზმში შვილოსნობის უნარის მოშლით (სამუდამო უნაყოფობით) ან შემდეგი ორსულობისას დაიბადოს პრობლემური ბავშვი.

„აბორტების სრულად აკრძალვას, განვითარებულ ქვეყნებში, წინ უსწრებდა რამდენიმე წლიანი პროპაგანდა, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება. ცივილიზებულ სამყაროში ადამიანები არ მიდიან იქამდე, რომ აბორტი გახდეს საჭირო.

თანამედროვე, ერუდირებული, განათლებული ადამიანი აბორტს არ იკეთებს ცივილიზიებულ სამყაროში, რადგან ყველა მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ არასასურველი ნაყოფი არ ჩაისახოს“, – აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

 

 

აბორტების პრევენცია – რა გააკეთა სახელმწიფომ

სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა:

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაიდო მშობიარობის დაფინანსების ხარჯები;
  • ორსულობისას მედიკამენტების ნაწილს აფინანსებს სახელწიფო;
  • შობადობის წამახალისებელი პროგრამა (მე-3 და მომდევნო ბავშვის ხარჯების დაფინანსება 6 მთიან რეგიონში);
  • დეკრეტული შვებულება გაიზარდა და გახდა ანაზღაურებადი;
  • აიკრძალა სელექციური(სქესის მიხედვით) აბორტები;
  • აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა გაიზარდა 3-დან-5 დღემდე;
  • არალეგალური აბორტების გამოვლენის პირველივე შემთხვევა ისჯება 3-დან-5 წლამდე პატიმრობით. (2014 წლამდე ეს სასჯელი მხოლოდ ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა);
  • საჯარო საბავშვო ბაღები გახდა უფასო;

სახალხო დამცველის ინიციატივას კი, რომელიც  დამამთავრებელ კლასებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უსაფრთხო სექსუალური ცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობების შესახებ სასემინარო სწავლებას გულისხმობს, პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია.

 

 

აკრძალვა არ არის საუკეთესო გამოსავალი

აბორტების სრულად აკრძალვას ეწინააღმდეგება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შექმნას, რათა დედამ და ქალმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„აკრძალვა გამოიწვევს  იატაკქვეშეთში გადასვლას და გაიზრდება თავად დედის სიკვდილიანობის მაჩვენებელიც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 


სელექციური აბორტი არის არაადამიანობა

 

თამუნა, 30 წლის, 2 მცირეწლოვანი გოგონას დედა:  „ჩემთვის სქესს არ აქვს მნიშვნელობა. მომდევნო ორსულობის შემთხვევაშიც გავაჩენ აუცილებლად. არ გავიკეთებ აბორტს. ცოცხალი ადამიანის მოკვლა, რა ვადისაც არ უნდა იყოს, არ მიმაჩნია სწორად. მგონია, რომ აბორტის სრულად აკრძალვა  მაინც არ შეიძლება, რადგან ეს მაინც ადამიანის არჩევანია. თუმცა, ვეთანხმები აბორტის ვადის შემცირებას, თუნდაც 6-7  კვირამდე, 12 კვირის ნაყოფი უკვე ადამიანია და ადამიანის კონტურები აქვს“.
ნათია, 39 წლის: დღეს, როცა ბევრი საშუალება არსებობს, როგორც იაფი, ასევე ძვირადღირებული, ეს პრობლემა აქტუალური არ უნდა იყოს! სელექციური აბორტები კი არის არაადამიანობა.

 

P.S. მე კი, როგორც ამ სტატიის ავტორი, 3 წლის გოგონას დედა, ქალი, რომელიც კვლავ ფიქრობს შვილ(ებ)ის გაჩენაზე, არასდროს გავიკეთებ აბორტს! იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არასასურველ (რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს) ბავშვს ჩასახვის უფლებას არ მივცემ! როგორ? თუ თავად არ ვიცი – 1. მივმართავ ექიმ-გინეკოლოგს. 2. მივმართავ, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს. 3. გამოვიყენებ ფორუმებს, სოციალურ ქსელებს. 4. გამოვიყენებ საძიებო სისტემებს…

 

ქეთი გიგოლაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები