LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცისარტყელიანი ცის ქვეშ, ტალახიან მიწაზე, უთვალავ ტალახიან ფეხსაცმელს შორის ბახილებიანი ფეხსაცმელი იწონებდა ცხრა თვის წინ თავს“ – დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

291
Untitled design (1)

2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ცხრა თვის წინ, ცისარტყელიანი ცის ქვეშ, ტალახიან მიწაზე, უთვალავ ტალახიან ფეხსაცმელს შორის ბახილებიანი ფეხსაცმელი იწონებდა თავს.“

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც იქნა ქალმა ცხრა თვის მერე კარადა დაალაგა. საკიდიდან დიდი ხნის ჩაუცმელი ფერადი, ფრიალა და გაპრანჭული კაბები ჩამოხსნა. შეათვალიერა ყველა მათგანი და გონებაში ზოგი ვის მოარგო, ზოგიც ვის. რომელსაც პატრონი უპოვა, აკურატულად ჩაკეცა პარკებში და პატრონებთან მისატანად გაამზადა. ზოგს ვერ მოუძებნა ჩამცმელი, ამიტომ მოზრდილ ჩემოდანში ჩაალაგა, „რა იცი, ვის გამოადგესთვის“.

მერე ფეხსაცმელსაც გადაავლო თვალი და დაიწყო დახარისხება. ქუსლიანი, გაპრანჭული, ოქროსფერი ბრჭყვიალა ბალთებით და დეტალებით ზაფხულის ღია ფეხსაცმელი, ზამშის ტუფლი- მაღლქუსლა, წვეტიანი ცხვირით. შავი ტყავის ფეხსაცმელი წვრილი, მაღლი ქუსლით. თეთრი ბალეტკები. ბარხატის, ჩალისფერი, საზაფხულო ფეხსაცმელი. ზამთრის შავი, მძიმე ფეხსაცმელი, თეთრი დეტალებით გაწყობილი, ჯინსის შარვალზე რომ იცვამდა, გადაალაგა და გონებაში მის ჩამცმელს დაუწყო ძებნა.

დაიღალა და სკამის კიდეზე ჩამოჯდა. გადახედა ფეხსაცმელს და გაიფიქრა, კიდევ ხომ არ შეიძლება რომელიმეს მოვუძებნო პატრონიო და კარადის კუთხეში შავ ბალეტკებს მოჰკრა თვალი. ფეხსაცმლის ძირი და ტყავის პირი ერთმანეთს მოსცილებოდა.

ქალს თვალი გაუშტერდა და გონებაში ამოტივტივდა უამრავი ფეხსაცმელი, ყველა ტალახიანი. მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს ქალის იყო თუ კაცის. სპორტული ფეხსაცმელი იყო თუ არა. მის გონებაში უამრავმა ფეხსაცმელმა გაიარა. უმეტესობა კი ჩექმა იყო. სამხედრო ჩექმა და რეზინის ჩექმა. ამდენ ტალახიან ფეხსაცმელში უცებ, საიდანღაც, უფრო სწორედ არსაიდანღაც გაჩნდა წყვილი ფეხი, რომელსაც თეთრი, ფითქინა ბახილი ამოეცვა. ცისარტყელიანი ცის ქვეშ, ტალახიან მიწაზე, უთვალავ ტალახიან ფეხსაცმელს შორის ბახილებიანი ფეხსაცმელი იწონებდა ცხრა თვის წინ თავს“, – წერს ია მერებაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები