LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცინიკური „პატრიოტიზმი“ კრემლის კარზე – რატომ არ უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკა და კულტურა ოკუპანტ ქვეყანასთან

122
rob

ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ორი წლისთავს ისევ აქციით აღნიშნავდა, გვიანობამდე რუსთაველის გამზირზე იყო შეკრებილი და 2 წლის წინანდელი სავარაუდო დამნაშავეების დასჯას ითხოვდა, სწორედ ამ დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო თეატრი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში გაემგზავრება. თითქოს სიმბოლური იყო მაინცდამაინც 20 ივნისს ამ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ახლა სიმბოლოები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და მთავარ ამბავს დავუბრუნდეთ.

თუ შენიშნეთ ხაზი გავუსვი, რომ ეს სახელმწიფო თეატრია და ამით გარკვეულწილად ერთგვარი მინიშნება გავაკეთე თემის მნიშვნელობაზე. თავიდანვე ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი თეატრის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც  ცხადია, აქვს უფლება, სადაც უნდა იქ წავიდეს და სპექტაკლები გამართოს, მაგრამ როცა სახელმწიფო თეატრზე ვსაუბრობთ, ხელოვანების და მსახიობების ნაწილის აზრით, ამას სხვა დატვირთვა და სხვა პასუხისმგებლობა აქვს.

უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება ცხარე დისკუსია საზოგადოებაში. რატომ ხდება ისე, რომ როცა უნდათ პოლიტიკა და კულტურა გამიჯნულია და როცა უნდათ – არა.

რა არის სწორი სინამდვილეში, უნდა ვუმღეროთ, ვუცეკვოთ და სპექტალები ვაჩვენოთ თუ არა ოკუპანტ ქვეყანას, როგორ შეხვდა ამ ყველაფერს მმართველი გუნდი და პირველ რიგში კულტურის მინისტრი და რაც მთავარია, რას ფიქრობენ ამაზე მოსკოვში გასამგზავრებლად გამზადებული მსახიობების კოლეგები, ამის გასარკვევად მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგირად.

 

 

რობერტ სტურუას ცინიზმი

 

30 ივნისს, 1 და 2 ივლისს რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ “მოსსოვეტის” სცენაზე ელოდებიან. საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვში ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა მიიწვია, რომელიც პირდაპირ პუტინის პატრონაჟით არსებობს. მგზავრობისა და მოსკოვში ყოფნის ხარჯებსაც მთლიანად რუსეთი დაფარავს. ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზეც მითითებულია, რომ ღონისძიებას ტრადიციულად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტი.

მოსკოვში გამგზავრებამდე რუსთაველის თეატრის ერთ–ერთმა მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა არ უარყო, რომ მოსკოვი დიდი ხანია აღარ უყვარს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისი აზრით, მოსკოვში ჩასვლა ფესტივალზე შეიძლება და გასტროლებზე – არა. ყოველშემთხვევაში, ფაჩუაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო ფესტივალზე ჩასვლა სულ სხვაა, გასტროლებზე ხომ არ მივდივართო. მისი თქმით, ის სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებით უკვე მესამედ ჩადის ამ ფესტივალზე, მაგრამ როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, დამოუკიდებელი თეატრი სხვაა და სახელმწიფო თეატრი – სულ სხვა. ბოლობოლო ბიუჯეტში ფულს ჩვენ, მოქალაქეები ვიხდით, რომ ამ თეატრს შემოსავალი ჰქონდეთ და გვაქვს კიდეც უფლება, არ მოგვეწონოს, კითხვები დავსვათ და გავაკრიტიკოთ. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ნებისმიერი ორგანიზაცია ჩვენი, მოქალაქეების ჯიბიდან ფინანსდება.

რობერტ სტურუა: „საქართველო გაყიდეთ და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ, რატომ გპატიჟებენ რუსეთშიო?“

რობერტ სტურუა და რუსთაველის თეატრი სპექტაკლით მოსკოვში მიემგზავრებიან

თუ ნანა ფაჩუაშვილი ცდილობს, თავისი არგუმენტებით რაღაცნაირად გაამართლოს ოკუპანტი ქვეყნის სცენაზე თამაში, ეს არ სჭირდება რობერტ სტურუას. ცხადია, რეჟისორის დამოკიდებულება ამ საკითხზე ცნობილია, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს მისი განსაკუთრებული ცინიზმი დაემატა. ის მსახიობების მოსკოვში ჩასვლამდე, რუსეთში გაემგზავრა და აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სცენის სანახავად მიდის.

მედიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს, უქმნიდა თუ არა უხერხულობას მოსკოვში გამგზავრება, რაზეც სტურუამ უპასუხა: არ მიქმნის იმიტომ, რომ ვთვლი, ხელოვნებას არ აქვს საზღვარი. თუ თქვენ პარტიულ და კრეტინებზე ლაპარაკობთ, მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი უზნეოა. ამიტომ პოლიტიკაზე ნუ მელაპარაკებით. მე მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა რუსეთმა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რომ ჩვენ მაინც ვართ….მე იცი, რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ აქვთ აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებიან”, — განაცხადა სტურუამ.

რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება? მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, პუტინთან მინდა შეხვედრა - რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

სტურუას თქმით, მოსკოვში „ხელოვნების საჩვენებლად მიდის, რადგან ხელოვნებას საზღვარი არ აქვს“.

მას, როგორც ჩანს ავიწყდება, რომ ის სახელმწიფო თეატრს წარმოადგენს და ამას სხვა დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს, როგორც ჩანს ავიწყდება, რომ ზაზა გახელაძის ოჯახი უკვე უკიდურეს ზომებს მიმართავს, რომ ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული გაათავისუფლონ, ავიწყდება ალბათ, რომ ე. წ. საზღვარს რუსები პერმანენტულად წევენ ჩვენს მხარეს, ავიწყდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და საერთოდ, ალბათ უკვე ყველაფერი დაავიწყდა ან არც არასდროს ახსოვდა.

 

ზღვარი პოლიტიკისა და კულტურას შორის

 

თემაზე მუშაობისას გადავწყვიტეთ, რუსთაველის თეატრის მსახიობის, რეჟისორის და თავად თეატრის ხელმძღვანელობის ამ ნაბიჯზე მათივე კოლეგებისთვის გვეკითხა აზრი. როგორც აღმოჩნდა, მათ არ სურთ უარყოფით კონტექსში კოლეგებზე საუბარი და ზოგადად გვითხრეს, რომ თავად ისინი არ წავიდოდნენ, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ერთ–ერთი ის იშვიათი მსახიობი და რეჟისორი, რომელიც ამ თემაზე კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება კახა გოგიძეა, როელსაც ალბათ ყველა ჩცდ–დან იცნობს, სადაც ის პრეზიდენტის როლს ასრულებს.

მირჩევნია, ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ, ქართული თეატრის და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება რუსეთშიც უნდა მოხდეს: ვოლსკი

"ეჭვიც არ მეპარება, მთელი შემადგენლობა თავისი ქვეყნის პატრიოტია და ოკუპაციის ფაქტს სწორ შეფასებებს აძლევს" - გია ვოლსკი.

„არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს და არანაირად არ არის კულტურა ცალკე.  მე საერთოდ თუ მკითხავ, რუსეთთან საზღვარიც ჩაკეტილი უნდა იყოს არათუ იქ სპექტაკლები გამართო. რუსი სამხედროები დგანან აქვე, რომ არ იდგნენ, კიდევ შეიძლება წახვიდე. მე ვფიქრობ, ზოგადად, საქართველოში მენტალური ოკუპაციის მსხვერპლი ვართ, უსამშობლო ხალხია.  თეა წულუკიანმა რომ თქვა, არ ვერევი და ცენზურა არ არისო, ეს კარგია, იმიტომ რომ ლუსტრაცია ხდება, ვინ  პრორუსია და ვინ ვინ არის“, – გვითხრა კახა გოგიძემ.

კიდევ უფრო მწვავეა ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი, რომელიც ამბობს, რომ როცა ოკუპაციის რეჟიმში ვცხოვრობთ, როგორ შეიძლება პოლიტიკა და კულტურა გამიჯნული იყოს.

გოგა ბარბაქაძე: "სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი"

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო?, - აცხადებს მსახიობი.

„ასეთ ვითარებაში ხელოვნებას და კულტურას უფრო მეტი მოეთხოვება, ისინი ავტორიტეტები არიან, მათ სიტყვას, ნაბიჯებს დიდი გავლენა აქვს. ასეთ დროს, რუსთაველის თეატრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. სახელმწიფო თეატრის წასვლა ჩეხოვის ფესტივალზე, რომელიც პუტინის პატრონაჟით იმართება, პირდაპირ განცხადებაა. ეს არის სახელმწიფო განცხადება, რომ ის საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მხრიდან პრობლემად არ თვლის. როცა საუბარია დამოუკიდებელ შემოქმედებით ჯგუფზე, ეს სხვა ამბავია. ისინი თავისუფლები არიან და მათი ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მორალურ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ახლა სახელმწიფო, ეროვნულ თეატრზე ვსაუბრობთ. ტყუილია, თითქოს ქართველ ხელოვანებს დამფასებლები მხოლოდ რუსეთში ჰყავს. ეს არის რუსული პროპაგანდა. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ამ მხრივ არ გვაქვს მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკა“, – ამბობს დეა მეტრეველი.