ე.წ. ციხის კადრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, აღნიშნულ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
ამავე განაჩენით, დავით ჭაკუას განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, კერძოდ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე.“ – წერია უწყების განცხადებაში
უწყების ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზ.ა.-მ შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით.