„სასამართლოს მიერ გაგამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ე.ე. ციანიდის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მან მედიას 7 თვის განმავლობაში აღნიშნულ საქმეზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, მონიტორნგმა ცხადყო, რომ გამოძიების პროცესში გარკვეულმა დარღვევებმა სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა.
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა უდანაშაულობის პრეზუმფციის და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა გამოძიების პროცესში, მოგვიანებით კი არა ერთმა ხარვეზმა იჩინა თავი. ომბუდსმენი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესები არ უნდა დახურულიყო.
„თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.