ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ადგილზე “არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები” იმყოფებოდნენ.
მისივე განცხადებით, “ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით შეჭრა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებების დროს, ამ ადამიანებს პოლიტიკასთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები აგულიანებდნენ“.
“ჩვენ შევამჩნიეთ იქ არა მხოლოდ მორწმუნე ადამიანები, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები. ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს და ამის მტკიცებულებებს ჩვენ წარმოგიდგენთ, რომ იქ არ იყვნენ მხოლოდ ეკლესიის ინტერესებით დაკავებული ადამიანები, იქ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც იყვნენ[…] ჩვენ დავინახეთ ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან. ეკლესიის წინამძღვრის, ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით შეჭრის მცდელობისას ისინი არცერთ შემთხვევაში არ ავლენდნენ საეკლესიო ცხოვრებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს. როდის დაგინახიათ, რომ ეკლესიის მორწმუნე ადამიანი ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით იჭრებოდეს? ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისას, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებების დროს ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში,” – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.