ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იგი აღნიშნავს, რომ აშშ-ში პედიატრები და მშობლები მოითხოვენ, ბავშვებზე ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალოს, ანუ დაწესდეს იგივე შეზღუდვები, რაც თამბაქოზე და ალკოჰოლზე არსებობს.
მისი ინფორმაციით, ამ მოსაზრებას მხარს ამერიკის სამედიცინო ასოციაციაც უჭერს.
„პედიატრების არგუმენტია კოფეინის ის მაღალი შემცველობა, რომელიც ბავშვთა და მოზარდობის ასაკში ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ სასმელების ერთ-ერთი ასეთი გვერდითი მოვლენაა ძილის დარღვევა (სხვა სიმპტომებთან ერთად).
ჩვენთან ამ საკითხის მიმართ, რასაც ვაკვირდები, სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ მშობელს – სასტიკად უკრძალავენ ბავშვს ყავის დალევას, ხოლო ენერგეტიკულ სასმელებზე ამ შეზღუდვას არ უწესებენ.
ამაში, ცხადია, ლოგიკა არ არის. ენერგეტიკულ სასმელებში კოფეინის შემცველობა რამდენჯერმე აღემატება, მაგალითად, კოკა-კოლაში კოფეინის შემცველობას და ზოგიერთ შემთხვევაში ყავაზე მაღალიც არის“. – წერს მაია ბუწაშვილი.