დღევანდელი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თავშეყრები შეიზღუდა. შესაბამისად, 2020 წლის თბილისობის დღესასწაულიც განსხვავებულად აღინიშნა. ამის შესახებ, ქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
რა თქმა უნდა, უჩვეულოა თბილისობის დღესასწაულის ასე აღნიშვნა. ჩვენს უძველეს და ულამაზეს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც ზეიმი, შემოდგომის სიჭრელე, ბავშვების ჟრიამული, მტკვარზე ტივით მოსეირნე სტუმრები, ხილით დატვირთული დახლები, მშრომელი ადამიანების მიერ საქართველოს ყველა კუთხიდან მოზიდული ნობათი და რაც მთავარია, მხიარული, ბედნიერი სახეები ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, დღეს ამ ფორმატით ვხვდებით ერთმანეთს. გილოცავთ თბილისობას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი! ვულოცავ მათ, ვინც ქმნიდა თბილისის ისტორიას, ვინც დღეს ზრუნავს მის ყოველდღიურობაზე და ამით ქმნის მომავალს!
განსაკუთრებით მინდა მივულოცო წლევანდელი თბილისობა ადამიანებს, რომლებიც ახლა უცნაურ ვირუსს ებრძვიან. მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ მარტო არ არიან ამ ბრძოლაში. მათ გვერდით არის სახელმწიფო და მათ გვერდით არიან ქართველი მედიკოსები, რომლებიც არასდროს მარცხდებიან.
არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე. ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას და მათ უსაფრთხოებას. სწორედ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის მიმართ, გვაძლევს ძალას და შემწეობას, ერთად გავუმკლავდეთ სირთულეებს და დავინახოთ სინათლის სხივი იქ, სადაც აქამდე ვერ ვხედავდით, ან უბრალოდ არ გვინდოდა გვეძებნა. არ არსებობს ადამიანურობის უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გამოხატულება, ვიდრე სურვილი – უანგაროდ იზრუნო სხვებზე, დახმარების ხელი გაუწოდო მას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.
იყო თბილისელი, ისევე როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში, ნიშნავს იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი, საერთო, უკეთესი ყოფის შექმნაში. ადამიანები, რომლებსაც დღეს საპატიო თბილისელის წოდება მინდა გადავცე, სწორედ ის ხალხია, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი ქალაქი, შენი ქვეყანა და რაც მთავარია, შენი ხალხი.
ტიტული ხომ საბოლოოდ მხოლოდ ფორმალობაა, რომლის უკან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ დგას – გულიდან წამოსული მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნისგან, და რაც მთავარია, ხალხისგან.
თქვენ მიერ გაწეულ ღვაწლს და შრომას დაფასება სჭირდება. ეს არა მარტო ჩვენი სურვილია, არამედ – მოვალეობაცაა. დიდ მადლობას გიხდით ყველას სახელით და როგორც ამ ქალაქის მერი და ერთი, უბრალო ადამიანი, ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვცხოვრობ.
როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შევხვდი ბატონ ამირან გამყრელიძეს, მან მეგობრულად მითხრა, რომ არასოდეს სახელმწიფოსგან არცერთი ჯილდო არ მიმიღია და ძალიან მეუხერხულებაო, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ამ ქვეყნის შვილს, არ მქონდა უფლება, არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანები, მათ უკან მდგომი ყველა თანამშრომელი, იმხელა საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათი დაფასება უბრალოდ, აუცილებელია.
ცერცვაძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას, რატიანსა და კიდევ 5 ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ
და ბოლოს, საპატიო თბილისელის წოდება გადაეცემა ადამიანს, რომელიც ადამიანებს არა მედიკამენტებით, არამედ სიტყვით კურნავს. ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და გვასწავლის, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა; რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და სულში გაფურჩქნილი სიყვარულის ყვავილი არა ყაყაჩო, არამედ კაქტუსია, რათა ჩხვლეტით გვაგრძნობინოს სიცოცხლის ძალა. ჩემთვის დიდი პატივია საპატიო თბილისელად დავასახელო გურამ დოჩანაშვილი. იმედი მაქვს, ბატონი გურამი ახლა ტელევიზორის ეკრანიდან გვადევნებს თვალს. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საპატიო თბილისელის წოდება წელს ცხრა ექიმს მიენიჭა.