LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ყიდვა შეუძლებელია, სხვებს 100 დოლარადაც იყიდიან

74

რადიო „ფორტუნა“ განაგრძობს პრეზიდენტობის კანდიდატების გაცნობას. ჩვენი სტუმარია გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

 

რისი შანსია თქვენთვის საქართველოს პრეზიდენტობა?

ტელეგრამის ტექსტით ვლაპარაკობთ ხო, რადგან ბლიცია…

კი, მოკლე პასუხები…

ეს არის შანსი იმისა, რომ საქართველო ნორმალურ განვითარებას გააგრძელებს. ასეთი ტემპებით თუ წავედით, 2050 წელს დღევანდელ ბულგარეთს დავემსგავსებით და არა მგონია, ეს რომელიმე ქართველის ოცნება იყოს.

ძალიან ცუდია პროგნოზია. მიიჩნევთ თუ არა, რომ იდეალური კანდიდატი ხართ?

იდეალური კანდიდატი შარლ დე გოლი იყო, ვხუმრობ. იდეალური არ არსებობს. იდეალური ის იქნება, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს, ან იმ კანდიდატებს შორის იდეალური, რომლებიც მონაწილეობას იღებენ, თუ „ქართული ოცნება“ არ გააყალბებს არჩევნებს.

ყველა კანდიდატი თქვენი კონკურენტია ? პარტიების იქნება ეს თუ დამოუკიდებელი…

ისინი ისე არიან დამოუკიდებლები, როგორც მე ვარ დამოუკიდებელი ჟანგბადისგან. პატიოსნად გეტყვით ახლა, რომ ჩემი კონკურენტი არის დრო, იმიტომ რომ ქართველ ერს დრო აღარ დარჩა. 6 წელი გავატარეთ ლოდინში, როდის გაიხსნება ზარდახშა და ოქროს წვიმა როდის წამოვა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს სახადი უმრავლესობამ მოიხადა. დრო ცოტა გვაქვს. ასე თუ გაგრძელდა, კიდევ 6 წელი ინსტიტუციებისა და კანონების აღდგენას მოვანდომებთ, ნაცვლად ეკონომიკური განვითარებისა.

გჯერათ, რომ ამომრჩევლების უმეტესობა ხმას თქვენ მოგცემთ?

35 ათასი კმ გავიარეთ საქართველოში, ეს მართლა მიღწევაა და ათასობით ადამიანს მოვუსმინეთ. ჩვენ ეს არჩევნები უკვე მოგებული გვაქვს. უბრალოდ 28 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ეს არჩევანი უნდა დაიცვან, იმიტომ რომ ხელისუფლება არაფერზე დაიხევს უკან, მაქსიმალურად ეცდება გააყალბოს.

პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყავით, რა გამოგივიდოდათ უკეთესად. მაგ. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანაც შეუძლია, კიდევ ბევრი სხვა რამ და კანდიდატებს გიწვევთ კიდეც შეჯიბრში…

ჩვენ ვურჩევთ, რომ ამ საქმეებს მიხედოს, რადგან კარგად გამოსდის. დავიწყოთ იმით, რომ ვერ ვიტან ხალხი თავს რომ პოლიტიკოსს უწოდებს.

ბევრი უწოდებს ასე საკუთარ თავს…

კი, კი, ბევრი, ყელს რომ მოიღერებენ, ტუჩებს რომ გამოწევენ და ცოტა ლოყებს რომ გამობერავენ, „ჩვენ პოლიტიკოსები“… მე პოლიტიკოსი არ ვარ, დიმპლომატი ვარ, პროფესიონალი ვარ, ამას ისევე უნდა სწავლა, როგორც ქირურგს, აგრონომს, პროგრამისტს. ამიტომ რა გამომივიდოდა, რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკოსი, მე უკვე გამომივიდა მაშინ, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი.

მაშინ ვის ეძახით პოლიტიკოსს?

საქართველოს რეალობაში პოლიტიკოსების უმრავლესობა არის ხალხი, რომლებიც 1990 წლიდან იმ ველზე ბალახობენ, სადაც ქართველი გადამხდელების ფულია მიმოფანტული. პარლამენტიდან პარლამენტში, პარტიიდან პარტიაში, გაერთიანებიდან გაერთიანებაში გადადიან და არც აწუხებთ საკითხი-პოლიტიკური პროსტიტუცია მორალურად დასჯადია თუ არა. ჰკითხეთ ერთი, რა გაუკეთებიათ, ერთი კონკრეტული საქმე „ქართულ ოცნებას“.

მე გიპასუხებთ, რასაც გეტყვიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრეს სახლში…

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ თავად გაისტუმრა საკუთარი თავი. მე მაშინ არ ვიყავი პარტიის წევრი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიგანტური შეცდომა დაუშვა. მაშინ, როცა ისინი ქვეყნის სახისშემცვლელ წარმატებულ რეფორმებს ატარებდნენ, 4-5 წლის შემდეგ მათ ვერ გაიგეს ან არ გაიგეს, რომ ამ რეფორმებმა საქართველოს მოსახლეობა მოქალაქეებად გადააქცია, რომლებმაც მოითხოვეს ქვეყნის მართვაში თანაბარი მონაწილეობის მიღება, რაზეც მათ უარი მიიღეს. ეს არის მთავარი ფუნდამენტი წინააღმდეგობისა, რაც შემდეგ დაიწყო. 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ იცოდა, რომ ამოიწურა პოლიტიკური რესურსი და მოქალაქის მოთმინება. ამიტომ ქვეყნის რისკის წინაშე დაყენებად არ ღირს ხელისუფლებაში ყოფნა.

ამ შეკითხვას ყველა კანდიდატს ვუსვამ: ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი?

საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გახდება. ახლავე გეტყვით, რატომ. ჩვენი ყიდვა არის შეუძლებელი და ეს არის მთავარი განსხვავება. დანარჩენის ყიდვა პრობლემა არაა, თუნდაც 100 დოლარად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები